თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სისხლის უანგარო დონაციის მორიგი აქცია გაიმართა

14 ივნისს სისხლის დონორის მსოფლიო დღეა. წლევანდელი კამპანიის სლოგანია -  „ჰუმანურობის ერთი წვეთი. გაიღე სისხლი. გადაარჩინე სიცოცხლე.“

ტრადიციულად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ტრადიციულად უერთდება აღნიშნულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც  თსსუ-ში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებში უანგარო დონორობის კულტურის პოპულარიზაცია იყო. 

აქტივობაში 40-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო. მათ შორის თსსუ-ის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

თსსუ-ში სისხლის უანგარო დონაციის აქციები მრავალწლიანი ტრადიციის ნაწილია და წელიწადში რამდენჯერმე ტარდება. სისხლის დონაცია თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც გადაუდებელი, ისე გეგმური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის პროცესში. სწორედ ამიტომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მსგავსი საქველმოქმედო და საზოგადოების ჯანმრთელობისთვის საჭირო აქტივობებს.

საქველმოქმედო აქტივობა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ორგანიზებით და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკის პარტნიორობით გაიმართა.