თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების ციკლი გრძელდება

 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების ციკლი აქტიურად მიმდინარეობს.

კონფერენციების ციკლი 10 ივნისს სტომატოლოგიის სექციის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციით გაგრძელდა. 

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევრებმა სტომატოლოგიის მიმართულებით მომზადებული სამეცნიერო ნაშრომები წარადგინეს. მოხსენებები შეეხებოდა - ორსულთა პერიოდონტულ დაავადებებს, კბილთა დეფექტების დიაგნოსტიკას, კბილის პულპის ჰისტოსტრუქტურას, დედისა და ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობის ურთიერთკავშირს, შაქრიანი დიაბეტის გავლენას პირის ღრუს დაავადებებზე, პაროდონტის ანთებითი პროცესების ბიომარკერებს, ინფექციური დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკას, იმპლანტოლოგიაში რეტენციის მეთოდების ეფექტურობასა და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციის განვითარების ფაქტორებს.

ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პოსტერული სესია, სადაც სტუდენტების მიერ წარმოდგენილი იყო თემები: „ერთმომენტიანი იმპლანტაცია – თანამედროვე მიდგომები და კლინიკური შესაძლებლობები“ და „კბილის ემბრიოგენეზი 21-ე კვირის ჩანასახში“. წარმოდგენილმა ნაშრომებმა დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

კონფერენციებში მონაწილეობას იღებენ როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ისე საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები. მონაწილეები საკუთარი კვლევების შედეგებს ვერბალური და პოსტერული მოხსენებების ფორმატში წარადგენენ.

საფაკულტეტო კონფერენციების ფარგლებში წარმოდგენილ ნაშრომებს აფასებს შესაბამისი დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჟიური. კონფერენცია 7 სექციიდან შედგება, თითოეული სექციიდან გამოვლინდება სამი საუკეთესო მონაწილე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც 24 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება. 

კონფერენციის შედეგების მიხედვით გამარჯვებული სტუდენტების აბსტრაქტები გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალში, რაც ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაციასა და მათი აკადემიური მიღწევების წარმოჩენას შეუწყობს ხელს. 

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება 25 ივნისს გაიმართება.