თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სეულის ეროვნული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სეულის ეროვნული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას შორის გაფორმდა აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის მემორანდუმი.

აღნიშნული შეთანხმებები ორ უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის და ითვალისწინებს აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტების მობილობის ხელშეწყობას, ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და პუბლიკაციების განხორციელებას, სასწავლო და სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლას, ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების ერთობლივ განვითარებას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის სეულის ეროვნული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან თანამშრომლობის დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინტერნაციონალიზაციის პროცესში და ქმნის ახალ შესაძლებლობებს განათლების, მეცნიერებისა და კვლევის სფეროში გრძელვადიანი და ნაყოფიერი პარტნიორობის განვითარებისთვის.