თსსუ-ში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების ციკლი გრძელდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების ციკლი მიმდინარეობს. 13 ივნისს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა მრავალფეროვანი კვლევები და საინტერესო კლინიკური შემთხვევები წარმოადგინეს.

მოხსენებები გადანაწილებული იყო თეორიული მედიცინის (ვერბალური), თეორიული მედიცინის მე-2 ჯგუფისა (ვერბალური) და თეორიული მედიცინის (პოსტერი) სექციებში.

თემატიკა მოიცავდა ისეთ სფეროებს, როგორიცაა პარაზიტოლოგია, შინაგანი მედიცინა, რადიაციული ონკოლოგია, ფსიქოლოგია, ნევროლოგია, ოფთალმოლოგია, მიკრობიოლოგია და გინეკოლოგია. ასევე, სტუდენტებმა იმსჯელეს აქტუალურ საკითხებზე ფარმაკოლოგიის, იმუნოლოგიის, პათოლოგიური ანატომიის, გენეტიკისა და ბიოქიმიის დეპარტამენტების ბაზაზე მომზადებული მოხსენებების მიხედვით.

კონფერენციის ფარგლებში განხილული თემები აერთიანებდა როგორც კვლევებს ლაბორატორიულ მოდელებზე, ისე თანამედროვე კლინიკურ შემთხვევებს, დიაგნოსტიკურ გამოწვევებსა და მედიკამენტური თერაპიის ეფექტიანობის შეფასებას. სტუდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მენტალური ჯანმრთელობის, ქრონიკული დაავადებების მართვისა და პრევენციული მედიცინის თანამედროვე მიდგომებს.

ღონისძიებებში, რომელიც 25 ივნისამდე გაგრძელდება, მონაწილეობას იღებენ როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ისე საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები. მონაწილეები საკუთარი კვლევების შედეგებს ვერბალური და პოსტერული მოხსენებების ფორმატში წარადგენენ.

საფაკულტეტო კონფერენციების ფარგლებში წარმოდგენილ ნაშრომებს აფასებს შესაბამისი დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჟიური. კონფერენცია 7 სექციისგან შედგება, თითოეული სექციიდან გამოვლინდება სამი საუკეთესო მონაწილე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც 24 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება. 

კონფერენციის შედეგების მიხედვით გამარჯვებული სტუდენტების აბსტრაქტები გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალში, რაც ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაციასა და მათი აკადემიური მიღწევების წარმოჩენას შეუწყობს ხელს. 

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება 25 ივნისს გაიმართება.