თსსუ-ის წარმომადგენლებმა ემორი-საქართველოს სუფთა ჰაერის პროექტის დასკვნით შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

ემორი-საქართველოს სუფთა ჰაერის კვლევით-საგანმანათლებლო პროექტის CARE/ZRUNVA ფარგლებში დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. პროექტის სასწავლო კომპონენტი თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ბაზაზე ხორციელდება.

შეხვედრაში, რომელიც ქ.თელავში გაიმართა, მონაწილეობდნენ თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის, ჰიგიენის, სამედიცინო ეკოლოგიისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დოქტორანტები და მაგისტრანტები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში პროექტში ჩართულმა დოქტორანტებმა და მაგისტრანტებმა უცხოელ და ქართველ სპეციალისტებს წარუდგინეს მიმდინარე კვლევების შედეგები, მიიღეს პროფესიული რეკომენდაციები და შეფასებები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გარემოს მედიცინისა და სუფთა ჰაერის კვლევების მნიშვნელობაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის. აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოში გარემოს მედიცინის მიმართულებით ახალი თაობის სპეციალისტების მომზადება მიმდინარეობს, რაც საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს.