თსსუ-ში სკოლის მოსწავლეებისთვის ბიოლოგიისა და ქიმიის ოლიმპიადების ფინალური ეტაპები გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის 13 ივნისს ბიოლოგიის, ხოლო 14 ივნისს ქიმიის ოლიმპიადის ფინალური ეტაპები გაიმართა.

ბიოლოგიისა და ქიმიის ოლიმპიადების ფინალური ეტაპის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. 

თითოეულ საგანში საუკეთესო შედეგის მქონე ათი მოსწავლე სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდა და ისინი ერთ დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაატარებენ.

ოლიმპიადის მთავარი პრიზია ლეპტოპი, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თითოეული საგნის გამარჯვებულს გადასცემს. 

ოლიმპიადა გრძელდება: 20 ივნისს გაიმართება ფიზიკის, ხოლო 21 ივნისს – მათემატიკის ფინალური ტური.

პროექტში მონაწილეობენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X, XI და XII კლასების მოსწავლეები. ოლიმპიადა ტარდება ოთხ საგანში – ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში. 

ოლიმპიადის ფორმატი სამეტაპიანია: პირველი და მეორე ტურები დისტანციურ რეჟიმში ტარდება, ხოლო ფინალური, მესამე ეტაპი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იმართება.

პროექტის მიზანია მოსწავლეების ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ინტერესების წახალისება და მათთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ დამატებითი საგანმანათლებლო გამოცდილების შეთავაზება.