მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების 196 კურსდამთავრებულის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.

სადღესასწაულო ცერემონია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა, სადაც კურსდამთავრებულებთან ერთად იმყოფებოდნენ მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ღონისძიებამ განსაკუთრებული მნიშვნელობითა და ემოციური განწყობით გააერთიანა შეკრებილი საზოგადოება - მათ ერთად აღნიშნეს სტუდენტების მრავალწლიანი შრომის, პროფესიული განვითარების და მნიშვნელოვანი აკადემიური ეტაპის წარმატებით დასრულება.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. მან კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა, პროფესიული საქმიანობის გზაზე წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობის, უწყვეტი განვითარებისა და სამედიცინო ეთიკის მნიშვნელობას.

კურსდამთავრებულებს მისასალმებელი სიტყვით, ასევე მიმართა თსსუ-ის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით თოფურიამ, რომელმაც მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება და საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება უსურვა.

ცერემონიის დასასრულს კურსდამთავრებულებმა საზეიმო ფიცი დადეს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება მომავალი პროფესიული საქმიანობისადმი, პაციენტებზე ზრუნვის, ჰუმანიზმისა და სამედიცინო ეთიკის უმაღლესი სტანდარტების დაცვის პრინციპების მიმართ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას და უსურვებს პროფესიულ წარმატებას, უწყვეტ განვითარებასა და ღირსეულ საქმიანობას. 

თსსუ ყოველთვის რჩება თავისი კურსდამთავრებულების მხარდამჭერად.