თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის საქმიანი ვიზიტი ზაგრებში

Erasmus+-ის პროექტის - „მაღალი ხარისხის ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში“ (PRODIGE)  ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია, თსსუ-ის კანცლერის, ალექსანდრე ბუაჩიძის ხელმძღვანელობით საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, Algebra Bernays University-ში. დელეგაციის შემადგენლობაში იყო თსსუ-ის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვახტანგ ბეროშვილი. 

ვიზიტში მონაწილეობდნენ კონსორციუმის წევრი ქართული უნივერსიტეტების, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა უმაღლესი განათლების სფეროში ციფრული ტრანსფორმაციის, თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის, მონაცემთა ანალიტიკის, მიკროკვალიფიკაციების, ხარისხის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა. 

ვიზიტის პირველ დღეს გაიმართა შეხვედრა მასპინძელი უნივერსიტეტის რექტორთან, რომელმაც კონსორციუმის წევრებს გააცნო Algebra Bernays University-ის ისტორია, ორგანიზაციული სტრუქტურა, განვითარების სტრატეგია, არსებული და სამომავლო გამოწვევები, ასევე განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით უნივერსიტეტის ხედვა. დღის განმავლობაში სხვადასხვა მომხსენებელმა განიხილა უნივერსიტეტის ციფრული კომუნიკაციის სტრატეგია, ინსტიტუციური ბრენდინგისა და ციფრული არხების მართვის საკითხები, ციფრული ხელმისაწვდომობის (Digital Accessibility) მნიშვნელობა, ევროკავშირის Digital Education Action Plan 2021–2027-ის პრიორიტეტები და ევროკავშირის საგრანტო პროექტების როლი ციფრული განათლების განვითარებაში.

უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო პროექტების შესახებ, მათ შორის სამედიცინო დიაგნოსტიკის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართულებით მიმდინარე ინიციატივებზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა დამატებითი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განიხილეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და Algebra Bernays University-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, განსაკუთრებით სამედიცინო მიმართულებით ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელების კუთხით.

ვიზიტის მეორე დღე უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის დათვალიერებით დაიწყო. მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე სასწავლო აუდიტორიებს, სამეცნიერო ლაბორატორიებს, სტუდენტურ სივრცეებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში განიხილეს ჰიბრიდული და ონლაინ სწავლების მოდელები, როგორც სინქრონული, ისე ასინქრონული ფორმატები, ციფრული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, სტუდენტური საინფორმაციო სისტემა InfoEduka, სწავლის მართვის სისტემა (LMS) და ონლაინ სწავლების თანამედროვე პრაქტიკა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სტუდენტურმა საინფორმაციო სისტემებმა, რომლებიც სტუდენტების აკადემიური საქმიანობის, ადმინისტრაციული პროცესებისა და სხვადასხვა სერვისის მართვას ერთიან ციფრულ პლატფორმაზე აერთიანებს.

მესამე დღე დაეთმო მიკროკვალიფიკაციებს (Microcredentials), ინოვაციურ საგანმანათლებლო ფორმატებსა და მონაცემთა ანალიტიკას. განიხილეს ევროკავშირის მიდგომები მიკროკვალიფიკაციების განვითარების, ხარისხის უზრუნველყოფისა და აღიარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ მიკროკვალიფიკაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებს უწყვეტი განათლების, პროფესიული განვითარების და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.

მონაწილეები ასევე გაეცნენ Blended Intensive Programmes (BIP) მოდელს, როგორც მოკლევადიან საერთაშორისო და ციფრულ სასწავლო ფორმატს, რომელიც შესაძლებელია ინტეგრირდეს მიკროკვალიფიკაციების სისტემაში. შეხვედრების დროს ასევე განიხილეს, Algebra Bernays University-ის ALBON Data Platform, რომელიც გამოიყენება სტუდენტთა აკადემიური პროგრესის ანალიზის, რესურსების ოპტიმიზაციის, მონაცემებზე დაფუძნებული მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებისა და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესების მხარდასაჭერად.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები, ასევე გაეცნენ ხორვატიაში მოქმედი სტუდენტური საცხოვრებლების სისტემას, სტუდენტური კამპუსების მართვის მოდელებსა და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარების პრაქტიკას.

ვიზიტის მეოთხე დღეს დელეგაციის წევრებს ხორვატიის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა(MZOM) და მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სააგენტოში (AZVO) უმასპინძლეს. სამინისტროში განიხილეს უმაღლესი განათლების განვითარების ეროვნული პოლიტიკა, ციფრული ტრანსფორმაციის სახელმწიფო სტრატეგიები, განათლების დაფინანსების მექანიზმები და სამინისტროს როლი უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებაში.

მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სააგენტოში მონაწილეებს გააცნეს ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული სისტემა, აკრედიტაციის პროცედურები, ინსტიტუციური შეფასების მექანიზმები და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პრაქტიკა.

ვიზიტის ბოლო დღე დაეთმო ხორვატიის ეროვნული საგანმანათლებლო და კვლევითი ინფრასტრუქტურის გაცნობას. ხორვატიის აკადემიური და სამეცნიერო ქსელის (CARNET) ოფისში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს ეროვნული საგანმანათლებლო ქსელის ფუნქციონირებაზე, ციფრულ საგანმანათლებლო პლატფორმებზე, ელექტრონული სწავლების სერვისებსა და განათლების სისტემის ციფრული მხარდაჭერის მექანიზმებზე.

უნივერსიტეტების გამოთვლით ცენტრში (SRCE), რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ინსტიტუციას წარმოადგენს ციფრული და პროგრამული განვითარების მიმართულებით, მონაწილეებს გააცნეს მაღალი წარმადობის გამოთვლითი სისტემები (HPC), კვლევითი მონაცემების მართვის სერვისები, ეროვნული აკადემიური ინფრასტრუქტურა და მეცნიერებისა და განათლების სფეროს ციფრული მხარდაჭერის თანამედროვე მექანიზმები.