თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი SESAM-ის 31-ე საერთაშორისო კონფერენციაში

საფრანგეთის ქალაქ ლიონში 2026 წლის 17-19 ივნისს გაიმართა SESAM-ის (Society for Simulation in Europe – სიმულაციების ევროპული ასოციაცია) 31-ე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც წარმოადგენს სიმულაციური განათლებისა და სამედიცინო ტრენინგების სფეროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმს.

აღნიშნული ღონისძიება განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის და მთლიანად საქართველოსთვის, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც SIM University-ის საერთაშორისო კონკურსის ფინალურ ეტაპზე გავიდა საუნივერსიტეტო (თსსუ) გუნდი საქართველოდან.

თსსუ-ის წარმომადგენლებმა -  მელიტა მელიქიშვილმა, სოფო ჩომახიძემ, ივლიანე სურმავამ და ბაჩანა აფციურმა -  წარმატებით იასპარეზეს და დაიმსახურეს როგორც ჟიურის, ისე მონაწილე გუნდების მაღალი შეფასება და პატივისცემა. 

გუნდის წარმატებას წინ უძღოდა ინტენსიური და მიზანმიმართული მოსამზადებელი პროცესი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრში. სტუდენტების მომზადება განხორციელდა მოწვეული პედაგოგის, გიორგი კვიცინაძის მენტორობით. გუნდს მუდმივ მხარდაჭერას უწევდა თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე. სტუდენტების კონფერენციასა და ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უზრუნველყოფა შესაძლებელი გახდა უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ირაკლი ნატროშვილის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით.

საფრანგეთის ქალაქ ლიონში  გამართული კონფერენციის ფარგლებში,  პოსტერული მოხსენებები წარადგინეს თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა დალი ჩატაიშვილმა. ღონისძიებაში, ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ასისტენტ-პროფესორი ლია ოტიაშვილი და ცენტრის სპეციალისტი ნათია დავლიანიძე.

კონფერენციის დახურვის ცერემონიის ფარგლებში, SESAM-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, კრისტინა დიას-ნავაროსთან და გენერალურ მდივანთან, კირსტი ფრიმენთან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და SESAM-ს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების, ასევე ახალი ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პროფესიული პროექტების განხორციელების პერსპექტივები.

თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი 2017 წლიდანაა სიმულაციების ევროპული ასოციაციის (SESAM) ქსელის წევრი, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკის დანერგვას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.