საჯარო ლექცია – „სიცოცხლე ჩასახვიდან დაბადებამდე“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე – „სიცოცხლე ჩასახვიდან დაბადებამდე“, რომელსაც უძღვებოდა თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, საქართველოს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე).

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში მადლიერება გამოხატა არქიმანდრიტ ადამის მიმართ უნივერსიტეტში საჯარო ლექციის ჩატარებისა და ფართო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური თემის გაზიარებისათვის.

ლექციის ფარგლებში არქიმანდრიტმა ადამმა ისაუბრა ადამიანის სიცოცხლის განვითარების ეტაპების შესახებ ჩასახვიდან დაბადებამდე. მომხსენებელმა მიმოიხილა ემბრიონისა და ნაყოფის განვითარების ძირითადი ეტაპები, ადამიანის ორგანოთა სისტემების ფორმირების პროცესი და სიცოცხლის ადრეული განვითარების მეცნიერული ასპექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სიცოცხლის დაცვის საკითხებს, ადამიანის უნიკალურობასა და სიცოცხლის ღირებულების შესახებ არსებულ თეოლოგიურ, ფილოსოფიურ და ბიოეთიკურ ხედვებს.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები.

საჯარო ლექციამ, რომელიც 2026 წლის 23 ივნისს გაიმართა, მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.