სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისა და ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიული განვითარების მიზნით საფაკულტეტო კონფერენციების ციკლი განხორციელდა.

ინიციატივამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა წარმოეჩინათ საკუთარი სამეცნიერო ინტერესები, კვლევითი უნარები და პროფესიული პოტენციალი, ასევე ფართო აუდიტორიის წინაშე წარედგინათ მოხსენებები.

კონფერენციის პროგრამა მრავალფეროვანი და ინტერდისციპლინური იყო. წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავდა თეორიული და კლინიკური მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის მიმართულებებს. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ არა მხოლოდ საკუთარი ნამუშევრები, არამედ პროფესორ-მასწავლებლებისა და დარგის სპეციალისტებისგან მიეღოთ პროფესიული რეკომენდაციები.

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჯამში შვიდ სექციას აერთიანებდა. თითოეული სექციიდან გამოვლინდა სამი საუკეთესო მონაწილე, ხოლო მედიცინის ფაკულტეტზე გამოვლინდა 5 გამარჯვებული (კლინიკური მედიცინის სექცია) და 5 გამარჯვებული (თეორიული მედიცინის სექცია), რომლებმაც 24 ივნისს მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კონფერენციაში.

საუნივერსიტეტო კონფერენციის ფარგლებში თითოეული სექციიდან საბოლოოდ ერთი გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 25 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა.

საფაკულტეტო კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტები არიან:

მედიცინის ფაკულტეტი:

თეორიული მედიცინა

გიორგი ფაღავა, ირაკლი წიგნაძე

თემის ხელმძღვანელები: თამარ დიდბარიძე, გიორგი ქოჩიაშვილი

თემა: ნარჩენი ანტიმიკრობული აქტივობის განსაზღვრა შარდში, მისი მნიშვნელობა ბაქტერიურიის სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სტრატეგიის შერჩევაში ანტიმიკრობული რეზისტენტობის ერაში

შინაგანი მედიცინა

მარიამ ბოხუა, ვახტანგ კახიანი

თემის ხელმძღვანელები: სოლომონია ნელი, ყიფიანი მაია

თემა: ხელოვნური ინტელექტის როლი ფილტვის ტუბერკულოზის დროულ დიაგნოსტიკაში: სკრინინგის შესაძლებლობის გაფართოება

სტომატოლოგიის ფაკულტეტი:

ანასტასია კვალიაშვილი, თორნიკე ოქრუაშვილი

თემის ხელმძღვანელები: ოლიკო ბაზლიძე, კარენ გრიგორიანი

თემა: შაქრიანი დიაბეტის გავლენა პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების განვითარებაზე და მისი კლინიკური მნიშვნელობა

ფარმაციის ფაკულტეტი:

მარიამ თოდუა

თემის ხელმძღვანელები: დალი ბერაშვილი, ანა ბოჟაძე

თემა: ლუგელას წყლის იონური შემადგენლობისა და მინერალიზაციის ექსპერიმენტული კვლევა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი:

მარიამ უმეკაშვილი

თემის ხელმძღვანელები: ირინე ზარნაძე და ივლიანე სურმავა

თემა: ექიმი-პაციენტის თანამშრომლობა თანამედროვე ტექნოლოგიების ფარგლებში სამედიცინო სერვისების მიწოდების სხვადასხვა საფეხურზე

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი:

ლიზი სტეფნაძე

თემის ხელმძღვანელი: ნინო გორდულაძე

თემა: პოსტმენოპაუზურ ქალებში შარდის შეუკავებლობის გამწვავება და მართვის სტრატეგიები მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირების შემდეგ

საერთაშორისო სტუდენტების სექცია:

აზა მამულაძე

თემის ხელმძღვანელი: ალისა წულაძე

თემა: AI-Driven Digital Health Interventions: A Review of Tailored Reminder Systems for Childhood Immunization

კონფერენციის შედეგების მიხედვით, გამარჯვებული სტუდენტების აბსტრაქტები სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება, რაც ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაციასა და მათი აკადემიური მიღწევების წარმოჩენას შეუწყობს ხელს.

ცნობისთვის, სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად თავდაპირველი რეგისტრაცია 288-მა სტუდენტმა გაიარა, მათგან ნაშრომი 153-მა მონაწილემ წარმოადგინა, ხოლო მოხსენება 138-მა სტუდენტმა გააკეთა. წარმოდგენილი მოხსენებებიდან 108 ზეპირი, ხოლო 30 პოსტერული ფორმატის იყო.

კონფერენციაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები, მათ შორის: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ალტე უნივერსიტეტი, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი და კავკასიის უნივერსიტეტი.