თსსუ-ის ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, დეა ვადაჭკორიას, პროფესიული ვიზიტი გერმანიაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, დეა ვადაჭკორია, პროფესიული ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ვიმსჰაიმში, სადაც მონაწილეობა მიიღო მედიცინის დოქტორის, მარტინ გერჰარდ გოლნერის (Martin Gerhard Gollner) მიერ ჩატარებულ სასწავლო კურსში – „პირის ღრუს სრული რკალის რეკონსტრუქცია: მკურნალობის გეგმის შედგენა ქირურგიული ინტერვენციიდან საბოლოო ორთოპედიულ კონსტრუქციამდე“.

საგანმანათლებლო პროგრამა განხორციელდა Camlog Vertriebs GmbH-ისა და CONELOG/CAMLOG Biotechnologies GmbH-ის ბაზაზე და მოიცავდა თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგიის აქტუალურ საკითხებს. კურსის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკბილო ყბების რეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომებს, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მკურნალობის დაგეგმვის პრინციპებს, ასევე სამგანზომილებიან სივრცეში საიმპლანტაციო ქირურგიული შაბლონების გამოყენების თავისებურებებს 4 და 6 იმპლანტზე დაფუძნებული კონსტრუქციების შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრული ორთოპედიული შედეგის მისაღწევად.

ლექცია და პრაქტიკული ნაწილი ეფუძნებოდა ლექტორის მრავალწლიან კლინიკურ გამოცდილებასა და აკადემიურ საქმიანობას. სწავლების პროცესი ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა რთული კლინიკური შემთხვევების განხილვას, თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო მიდგომების ანალიზს, ასევე პროფესიულ დისკუსიებს მომხსენებელსა და სხვადასხვა ქვეყნის სტომატოლოგებს შორის.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

თსსუ-ის ასოცირებული პროფესორის, დეა ვადაჭკორიას პროფესიული ვიზიტი გერმანიაში 2026 წლის 15–17 ივნისს განხორციელდა.