თსსუ-ის პროფესორი ევროპის მშრალი თვალის ასოციაციის კონგრესზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო კარანაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის მშრალი თვალის ასოციაციის (European Dry Eye Society – EuDES) 2026 წლის საერთაშორისო კონგრესში (European Dry Eye Congress – EuDEC), რომელიც იტალიის ქალაქ მილანში გაიმართა (18-20 ივნისი). 

კონგრესის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები ასოციაციის ინდუსტრიულ პარტნიორებსა და სპონსორებთან. შეხვედრების დროს განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, მშრალი თვალის დაავადების მართვის მიმართულებით ინოვაციური სამკურნალო საშუალებები, თანამედროვე დიაგნოსტიკური ტექნოლოგიები და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის შესაძლებლობები.

ევროპის მშრალი თვალის ასოციაცია აერთიანებს აღნიშნულ სფეროში მოღვაწე წამყვან ევროპელ სპეციალისტებს და ხელს უწყობს მშრალი თვალის დაავადების შესახებ სამეცნიერო ცოდნის განვითარებას, საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობას. ასოციაციის საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო კონგრესების, ვებინარებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის ორგანიზებას, რაც უზრუნველყოფს თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებისა და კლინიკური პრაქტიკის ინტეგრირებას პაციენტთა ეფექტიანი მართვის მიზნით. 2026 წლის მონაცემებით, ასოციაცია მსოფლიოს 127 ქვეყნიდან 4 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს.

ევროპის მშრალი თვალის ასოციაციის ყოველწლიური კონგრესი წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას სამეცნიერო გამოცდილების გაზიარების, პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებისა და თანამედროვე კლინიკური პრაქტიკის განვითარებისათვის.