თსსუ-ის წარმომადგენლები Erasmus+ KA171 პროგრამის ფარგლებში ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰიგიენის, სამედიცინო ეკოლოგიისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო კილაძე და ჰიგიენის, სამედიცინო ეკოლოგიისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, სტრატეგიული განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ივანე კუგოტი 22–26 ივნისს Erasmus+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის (KA171) პროგრამის ფარგლებში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი).

ვიზიტის მიზანი იყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან, აკადემიური პერსონალთან, საერთაშორისო ურთიერთობებისა და Erasmus+ პროგრამის ოფისის თანამშრომლებთან. 

ასევე გაეცნენ უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო და კლინიკურ ინფრასტრუქტურას. დაათვალიერეს უნივერსიტეტის კამპუსი, კლინიკური ბაზები და დეპარტამენტები, სადაც გაეცნენ სასწავლო პროცესის ორგანიზების, კვლევითი საქმიანობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პრაქტიკას.

შეხვედრების ფარგლებში, განხილულ იქნა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამედიცინო განათლებისა და სხვა სამედიცინო მიმართულებების ფარგლებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობის გაფართოებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, ასევე პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კიდევ უფრო გააღრმაონ ინსტიტუციური ურთიერთობები, რის საფუძველზეც უახლოეს პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება.

შეხვედრებისას ასევე განიხილეს თსსუ-ის სტუდენტებისთვის ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტში კლინიკური და აკადემიური სტაჟირების შესაძლებლობები, აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების გაფართოება და ერთობლივი კვლევითი ინიციატივების განხორციელება. პოლონელმა კოლეგებმა გამოხატეს ინტერესი თსსუ-სთან ხანგრძლივი თანამშრომლობისა და ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პროფესიული აქტივობების განხორციელების მიმართ.