თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი და თსსუ-ის აკადემიური პერსონალი GIELRSA III - საერთაშორისო კონფერენციაზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი, თსსუ-ის აკადემიურ პერსონალთან ერთად ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას GIELRSA III დაესწრო. კონფერენცია საქართველოს ინტერვენციული, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგიის ასოციაციის (GIELRSA) და საქართველოს რადიაციული უსაფრთხოების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

თსსუ-ის რექტორი ღონისძიებაზე, რომელშიც  აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე მონაწილეობდნენ, სიტყვით გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაზე. რექტორმა, ასევე ისაუბრა უსაფრთხო რადიოლოგიური მომსახურების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულების განვითარება ხელს შეუწყობს პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

GIELRSA III-მ გააერთიანა საქართველოსა და უცხოეთის წამყვანი სპეციალისტები ქირურგიის, ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგიის, ონკოლოგიის, ტრანსპლანტოლოგიის, ენდოსკოპიის, ინტენსიური თერაპიის, რადიოლოგიის, ინტერვენციული რადიოლოგიისა და მედიცინის სხვა მიმართულებებიდან.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს დარგის თანამედროვე მიღწევები, ინოვაციური მიდგომები და სამედიცინო პრაქტიკაში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობები.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა სტუდენტური სესია, სადაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოხსენებები წარადგინეს. სესიის დასასრულს გამოვლინდნენ საუკეთესო სტუდენტური ნაშრომების ავტორები, მათ შორის თსსუ-ის სტუდენტები, რომლებიც სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმების მნიშვნელობა პროფესიული ცოდნის გაზიარების, გამოცდილების გაცვლისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.