თსსუ-ში ჩატრდა სემინარი - „AI-ის გამოყენების შესაძლებლობები და რისკები კვლევასა და სწავლებაში: საერთაშორისო გამოცდილება“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი თემაზე: „AI-ის გამოყენების შესაძლებლობები და რისკები კვლევასა და სწავლებაში: საერთაშორისო გამოცდილება“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე შესაძლებლობებისა და აკადემიურ სივრცეში მისი გამოყენების აქტუალურ საკითხებს ეხებოდა.

სემინარს უძღვებოდა ჰონგ-კონგის შედარებითი განათლების ასოციაციის პრეზიდენტი, ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ტენუარის მქონე ასოცირებული პროფესორი (მუდმივი აკადემიური სტატუსით) ნუცა კობახიძე.  

ღონისძიების ფარგლებში მომხსენებელმა განიხილა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკა უმაღლეს განათლებასა და სამეცნიერო კვლევებში, ისაუბრა AI-ის ინტეგრაციის თანამედროვე ტენდენციებზე, მის მიერ შექმნილ შესაძლებლობებსა და იმ ეთიკურ, აკადემიურ და პრაქტიკულ გამოწვევებზე, რომლებიც აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებას უკავშირდება. 

სემინარს ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე თემით დაინტერესებული პირები. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და ემსჯელათ ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი, ეთიკური და პასუხისმგებლიანი გამოყენების შესახებ.

სემინარის დაწყებამდე  ასოცირებული პროფესორი ნუცა კობახიძე შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს. შეხვედრისას მხარეებმა იმსჯელეს უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებზე, ხელოვნური ინტელექტის როლზე სწავლებისა და კვლევის პროცესში.

ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა 2026 წლის 9 ივლისს უმასპინძლა.