სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (International College of Dentists – ICD) 69-ე კონგრესს წელს მილანმა უმასპინძლა (2-5 ივლისი). მასშტაბურ ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) დელეგაციამ წარმომადგენლობითი მონაწილეობა მიიღო..
კონგრესზე საქართველოდან მიწვეული 17 სტომატოლოგიდან, უმრავლესობა თსსუ-ის აკადემიური პერსონალი იყო.
თსსუ-ის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: პროფესორი მარინა მამალაძე; ასოცირებული პროფესორები - ნათია ნიჟარაძე, ლია სანოძე, დეა ვადაჭკორია, თეონა დანელია, ნინო ჭუჭულაშვილი, თამარ სულაძე; ასისტენტ პროფესორები - ეკატერინე ბეშკენაძე, თეა ჯანჯალაშვილი, თსსუ-ის მოწვეული პედაგოგი ნინო უსანეთაშვილი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად კონგრესს ასევე ესწრებოდნენ ICD-ის წევრები, სხვადასხვა კლინიკის ექიმები და ახალგაზრდა სტომატოლოგები, რომლებისთვისაც კონგრესის ორგანიზატორებმა სპეციალური პროგრამა შექმნეს.
კონგრესის სამუშაო პროგრამა ICD-ის ევროპის სექციის აღმასრულებელი საბჭოსა და რეგენტთა საბჭოს სხდომებით დაიწყო. მონაწილეებმა მოისმინეს ევროპის სექციის პრეზიდენტის, პროფესორ მაურო ლაბანკას, ევროპის სექციის რეგისტრარის, დოქტორ მარკ ვრაითის, ICD Digest Europe-ის რედაქტორის, მაიკლ თომასის, ასევე ICD-ის დისტრიქტთა რეგენტების ანგარიშები. ორგანიზაციის განვითარების სამომავლო ხედვები წარადგინა ICD-ის პრეზიდენტმა, დოქტორმა ხოსე როდრიგესმა.
რეგენტთა საბჭოს სხდომაზე ევროპის სექციის პრეზიდენტმა, პროფესორმა მაურო ლაბანკამ, 2029, 2030 და 2031 წლების ევროპის სექციის პრეზიდენტობის კანდიდატები წარადგინა, რომელთა შორის იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა მამალაძე. რეგენტთა საბჭომ კანდიდატურებს კენჭი უყარა და ერთხმად დაამტკიცა. აღნიშნულ წლებში სწორედ ეს კანდიდატები უხელმძღვანელებენ ICD-ის ევროპის სექციის საქმიანობასა და კონგრესების ორგანიზებას.
პროფესორი მარინა მამალაძე ICD-ის წევრია 2013 წლიდან, ხოლო მიმდინარე წელს კონგრესში იგი მონაწილეობდა როგორც ICD-ის ევროპის სექციის რეგენტი და ამავდროულად, პირველად, როგორც ორგანიზაციის საერთაშორისო საბჭოს კანცლერი.
კონგრესის სამეცნიერო პროგრამა თანამედროვე სტომატოლოგიის აქტუალურ საკითხებს დაეთმო. განხილული იყო ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის გამომწვევი მიზეზები და პრობლემის გადაჭრის გზები, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობები სტომატოლოგიაში, კრიზისული სიტუაციების მართვა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში, ტკივილის მართვის თანამედროვე მიდგომები, ასევე პირის ღრუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის, რისკ-ფაქტორებისა და კლინიკური ნიშნების საკითხები.
კონგრესის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ICD-ის ჰუმანიტარულ საქმიანობას. მონაწილეებმა მოისმინეს ესპანელი, პორტუგალიელი და ხორვატი კოლეგების პრეზენტაციები ინდოეთის ქალაქ კალკუტასა და საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე განხორციელებული პროექტების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავდა მოწყვლადი, იძულებით გადაადგილებული და დევნილი მოსახლეობის პირის ღრუს ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და პროფესიული განათლების ხელშეწყობას.
ICD-ის ევროპის სექციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ახალი წევრების მიღების ცერემონია იყო. წელს კოლეგიას ოთხი ახალი წევრი შეემატა, მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები ნინო ჭუჭულაშვილი და თამარ სულაძე, ასევე თსსუ-ის მოწვეული პედაგოგი და თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-ორთოდონტი ნინო უსანეთაშვილი. ახალ წევრებს საზეიმოდ გადაეცათ წევრობის სერტიფიკატები და კოლეგიის სამკერდე ნიშნები.
კონგრესის დასასრულს გამოცხადდა ICD-ის ევროპის სექციის საიუბილეო, 70-ე კონგრესის ჩატარების ადგილი და თარიღი. ღონისძიება 2027 წლის 18–20 ივნისს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაიმართება.