თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ლექცია თემაზე – „დიაბეტი ტიპი I-ის მკურნალობის თანამედროვე და სამეცნიერო მიღწევები“, რომელსაც უძღვებოდა ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი, ქსოვილოვანი ინჟინერიისა და ორგანოთა რეგენერაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი და ასევე პანკრეასის კუნძულების გამოყოფისა და გადანერგვის ცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინე ბერიშვილი-ბერნი.
საჯარო ლექციის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა I ტიპის შაქრიანი დიაბეტის, როგორც თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის შესახებ და ხაზი გაუსვა აღნიშნული მიმართულებით სამეცნიერო კვლევებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. რექტორმა, ასევე ისაუბრა პროფესორის ეკატერინე ბერიშვილი-ბერნის მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ ქსოვილოვანი ინჟინერიის, რეგენერაციული მედიცინისა და პანკრეასის კუნძულების ტრანსპლანტაციის სფეროში მიმდინარე საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების განვითარებაში.
თსსუ-ის რექტორის სიტყვის შემდეგ, დაიწყო საჯარო ლექცია, რომლის ფარგლებში, მომხსენებელმა მიმოიხილა I ტიპის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის თანამედროვე სტანდარტები, დაავადების მართვის ინოვაციური მიდგომები და იმ სამეცნიერო კვლევების შედეგები, რომლებიც ბოლო წლებში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კლინიკურ პრაქტიკაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქსოვილოვანი ინჟინერიის, რეგენერაციული მედიცინის, პანკრეასის კუნძულების ტრანსპლანტაციისა და უჯრედული თერაპიის მიმართულებით მიმდინარე კვლევებს, რომლებიც I ტიპის დიაბეტის მკურნალობის ახალ პერსპექტივებს ქმნის.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროფესორ ეკატერინე ბერიშვილი-ბერნისთვის დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები, ემსჯელათ თანამედროვე სამეცნიერო გამოწვევებსა და კლინიკურ პრაქტიკაში არსებული აქტუალური საკითხების შესახებ, ასევე გაცნობოდნენ საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრების გამოცდილებას.
ლექცია, რომელიც 2026 წლის 16 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა, ესწრებოდნენ - თსსუ-ის აკადემიური პერსონალი, ექიმები, რეზიდენტები და თემით დაინტერესებული პირები.