პრეზიდენტის გზავნილი



   თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არის უნივერსიტეტის შემადგენლობაში არსებული სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო, დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულებითა და მართვის ორგანოებით, რომელიც ახორციელებს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ისე მის გარეთ. მისი მიზანია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, დაიცვას და წარმოადგინოს სტუდენტების უფლებები და კანონიერი ინტერესები, ხელი შეუწყოს თავისი უფლებების პრაქტიკულ რეალიზაციაში, დახმარება გაუწიოს სტუდენტებს სწავლის პერიოდში, შეუქმნას ოპტიმალური პირობები სტუდენტთა დასვენების, შრომითი მოღვაწეობის ან სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, გაამრავალფეროვნოს სტუდენტური ცხოვრება. შესაბამისად გუნდი გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო, სოციალურ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებს.

      აღსანიშნავია, რომ პროექტები ტარდება სტუდენტების მოთხოვნის მიხედვით,  თუმცა ჩვენ ვაძლევთ საშუალებას არამარტო მონაწილეობა მიიღონ კონკრეტულ ღონისძიებაში , არამედ თავად  განახორიელონ ნებისმიერი პროექტი, თუ ამის სურვილი ექნებათ. მოქმედმა გუნდმა აქცენტი სოციალურ და შემეცნებით პროექტებზე გავაკეთეთ, რომლის ფარგლებშიც მრავალ სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის საფასური; შესაძლებელი გახდა უფასოდ მიეღოთ, როგორც კლინიკური მომსახურეობები, ასევე ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე. ჩვენი პროექტები არამარტო თეორიულ, არამედ პრაქტიკულ საქმიანობასაც მოიცავს, რაც განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს სტუდენტებში.

     თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა თანამშრომლობს როგორც ქვეყანაში, ასევე მის გარეთ  არსებულ სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საქველმოქმედო ფონდებთან. ჩვენ  ერთად ვახორციელებთ ყველაზე მასშტაბურ და დაუვიწყარ პროექტებს.

       ვთვლი, რომ სტუდენტური თვითმმართველობა არის უდიდესი გამოცდილება, აქ შეიძენთ ყველაზე მნიშვნელოვანს ურთიერთობებს და  აგრეთვე ისეთ უნარ-ჩვევებს როგორიცაა თავდაჯერებულობა, გუნდურობა, მიზანსწრაფულობა და ორგანიზებულობა.  ეს ყველაფერი დაგეხმარებათ საკუთარი თავის რეალიზებაში და გაგხდით კონკურენტუნარიანს  დასაქმების ბაზარზე. საშუალება გექნებათ გაეცნოთ  ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროებს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის თქვენს სტუდენტურ ცხოვრებას. ნებისმიერ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ამ გუნდის წევრი, მთავარია სურვილი და მონდომება.

თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი
                                                         ლადო გაბეჩავა