თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა მასშტაბური სასკოლო ოლიმპიადა, რომლის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაღრმავება, მათი ცოდნისა და აკადემიური შესაძლებლობების გამოვლენა, ასევე ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა.

პროექტში საქართველოს 53 მუნიციპალიტეტის 190-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის X, XI და XII კლასების 2,314 მოსწავლე მონაწილეობდა. ოლიმპიადა ჩატარდა ოთხ საგანში – ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში. თითოეულ მიმართულებაში გამოვლინდა 10, ჯამში კი 40 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე. 

პროექტის დასკვნით ეტაპზე, გამარჯვებული მოსწავლეები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი, პროფესორ შალვა თოიძის სახელობის ტოპოგრაფიული ანატომიის მუზეუმი, სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი და თსსუ-ის სტომატოლოგიური საუნივერსიტეტო კლინიკა. აღნიშნულმა ვიზიტმა მონაწილეებს შესაძლებლობ მისცა, ახლოს გაცნობოდნენ უნივერსიტეტის თანამედროვე სასწავლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურას, სასწავლო გარემოსა და სამედიცინო განათლების პრაქტიკულ ასპექტებს.

მოსწავლეების უნივერსიტეტში სტუმრობა გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დასრულდა. 

ღონისძიების ფარგლებში, ყველა გამარჯვებულს გადაეცა სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქარი, ხოლო თითოეულ საგანში პირველი ადგილის მფლობელი მოსწავლეები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, ლეპტოპებით დააჯილდოვა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს სასკოლო ოლიმპიადის ყველა გამარჯვებულსა და მონაწილეს მიღწეულ წარმატებას.