თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ბაზაზე მოქმედ სასამართლო ანთროპოლოგიის ლაბორატორიაში, საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციასთან (GAFA) თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება - „აჭარის რეგიონში 1937–1938 წლებში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა იდენტიფიცირება: აღდგენის, დოკუმენტირებისა და იდენტიფიცირების ქართული პროექტი“.
პროექტის ფარგლებში საქართველოში იმყოფება ამერიკელ სასამართლო ანთროპოლოგთა შვიდკაციანი ჯგუფი, რომელიც კვლევით და პრაქტიკულ სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.
პროექტის მთავარი მიზანია აჭარის რეგიონში 1937-1938 წლებში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა იდენტიფიცირება თანამედროვე სამეცნიერო მეთოდების გამოყენებით და მათი ღირსეული დაკრძალვის უზრუნველყოფა.
პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, 17 ნეშტის იდენტიფიცირება უკვე განხორციელდა. კვლევითი პროცესი ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობით, თანამედროვე სამეცნიერო მეთოდების გამოყენებით, წლების განმავლობაში მიმდინარეობს.
იდენტიფიცირების შედეგად ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი წინაპრები ღირსეულად დაკრძალონ.
თსსუ-ში განხორციელებული სასამართლო ანთროპოლოგიის პროექტი 2026 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია, რომლის ფარგლებშიც პროექტის ხელმძღვანელია ტეხასის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასამართლო ანთროპოლოგიის ცენტრის პროფესორი ნიკოლას ჰერმანი, ხოლო კოორდინატორი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რუსუდან ბერიაშვილი.
პროექტის ახალგაზრდა მეცნიერთა გუნდის შემადგენლობაში არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის პედაგოგი და საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის (GAFA) პრეზიდენტი მერი გონაშვილი, თეა თაყნიაშვილი - საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის (GAFA) თანადამფუძნებელი და ბუბა ჩაჩხიანი - საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის (GAFA) თანადამფუძნებელი.