თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატება გერმანიაში - LISA საზაფხულო აკადემიაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. თსსუ-ის შვიდმა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო 2026 წლის LISA საზაფხულო აკადემიაში, რომელიც გერმანიაში, ჰანოვერის სამედიცინო სკოლაში (MHH), DAAD-SDG ფონდის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო საპარტნიორო პროექტის - „მედიცინისა და ბიოლოგიის პროფილის ქართველი სტუდენტების მომზადება სამეცნიერო კარიერისთვის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და მედიცინაში“ - ფარგლებში ხორციელდება.

საზაფხულო აკადემიის ფარგლებში გამართულ პოსტერულ პრეზენტაციაში  11 ქვეყნის სტუდენტი მონაწილეობდა და ჯამში 32 პოსტერის ვერბალური პრეზენტაცია წარმოადგინეს. 

აღსანიშნავია, რომ თსსუ-ის მეექვსე კურსის სტუდენტები - მარიამ შალამბერიძე და ღლიკერია-ილიანა კიკნაძე პოსტერულ მოხსენებაზე საუკეთესო ნაშრომის ავტორებად დასახელდნენ.  

სტუდენტებმა თსსუ-ში გაიარეს არჩევითი კურსი „მზადება სამეცნიერო კარიერისთვის“, რის შემდეგაც შესაძლებლობა მიეცათ, სამი კვირის განმავლობაში, LISA საზაფხულო აკადემიის ფარგლებში, გაცნობოდნენ სამეცნიერო საქმიანობის სპეციფიკას და თანამედროვე კვლევით მიდგომებს. პროგრამა მოიცავს ერთკვირიან თეორიულ მოდულსა და ორკვირიან პრაქტიკულ სამუშაოს სხვადასხვა სამეცნიერო ლაბორატორიაში.

საზაფხულო აკადემიის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ თანამედროვე სამეცნიერო მეთოდებს, განივითარონ პრაქტიკული კვლევითი უნარები და მიიღონ საერთაშორისო სამეცნიერო გარემოში მუშაობის გამოცდილება, რაც მათ სამომავლოდ დამოუკიდებელი კვლევითი პროექტების განხორციელებისთვის ამზადებს.

DAAD-SDG ფონდის საერთაშორისო პროექტი „მედიცინისა და ბიოლოგიის პროფილის ქართველი სტუდენტების მომზადება სამეცნიერო კარიერისთვის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და მედიცინაში“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ჰანოვერის სამედიცინო სკოლის პარტნიორობით 2024 წლის იანვრიდან ხორციელდება. პროექტის მთავარი მიზანია მედიცინისა და ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის სამეცნიერო კვლევების მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება, მათი საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა და მომავალი სამეცნიერო კარიერისთვის მომზადება.