მედიცინის ახალი ეპოქა თსსუ-ში: ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნიკალური ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის ჰაბად ყალიბდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი რეგიონულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო რუკაზე თვისობრივად ახალ ნაბიჯს დგამს. თსსუ-ის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრი ყალიბდება მრავალფუნქციურ საერთაშორისო პლატფორმად, რომელიც რეალურ ანატომიურ მასალაზე (კადავერზე) მუშაობის შესაძლებლობას უქმნის როგორც სტუდენტებს, ისე მოქმედ ქართველ და უცხოელ ექიმებს.

თსსუ-ის სტრატეგიული მიზანია, ცენტრი წამყვანი პლატფორმა გახდეს მთელ  რეგიონში, სადაც უახლესი ქირურგიული ტექნიკების, ლაპარასკოპიული ანატომიისა და კლინიკური დისექციის დაუფლება მსოფლიო დონის საერთაშორისო მენტორების ჩართულობით განხორციელდება.

ირაკლი ნატროშვილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი:

‘’ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის ცენტრის მთავარი ფუნქცია ამ მიმართულებით სწავლების გაძლიერება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკული განათლების შესაძლებლობების შექმნაა. განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ 40-წლიანი პაუზის შემდეგ, ამ ტიპის სწავლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განახლდა.

ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის სწავლების შესაძლებლობა მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, ბევრ უმაღლეს სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებას არ აქვს. საქართველოში კი ჩვენ ვართ ერთადერთი უმაღლესი სამედიცინო დაწესებულება, სადაც ამ ტიპის სწავლება ხორციელდება. ეს არის შესაძლებლობა, რომლითაც ძალიან ვამაყობ და რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლიდერობას სამედიცინო განათლების განვითარებაში.

ჩვენი ხედვა პირველ რიგში ჩვენი სტუდენტების საჭიროებებზეა ორიენტირებული - ეს ცენტრი, პირველ რიგში, სწორედ თსსუ-ის სტუდენტებს მოემსახურება. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, იმუშაონ რეალურ ანატომიურ მასალაზე, გაიღრმაონ ცოდნა და განივითარონ პრაქტიკული უნარები, რომლებიც თანამედროვე მედიცინაში ძალიან მნიშვნელოვანია.

ამასთან, ჩვენი მიზანია, ცენტრი გახდეს პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი სივრცე მოქმედი ექიმებისთვისაც, სადაც სხვადასხვა მიმართულების კადავერული კურსები ჩატარდება.  პირველ ასეთ საერთაშორისო კურსს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პარტნიორებთან ერთად 18–19 სექტემბერს უმასპინძლებს. კურსი სრულად ეძღვნება Maxilla-For-All-ის პროტოკოლებს, თანამედროვე იმპლანტოლოგიურ და ყბა-სახის ქირურგიულ ტექნიკებს და მასში საერთაშორისო დონის მენტორები მიიღებენ მონაწილეობას.

სამომავლოდ ცენტრში იგეგმება კურსების განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ნეიროქირურგიის, გინეკოლოგიის, ენდოსკოპიური ქირურგიისა და სხვა სპეციალობების მიმართულებით. შესაბამისი სილაბუსები უკვე დამუშავების პროცესშია და ამ კურსებს თავად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განახორციელებს.

ჩვენი საბოლოო მიზანია, ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის ცენტრი ჩამოყალიბდეს საერთაშორისო დონის ჰაბად - სივრცედ, სადაც თანამედროვე კადავერული სწავლება, პრაქტიკული უნარების განვითარება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იქნება შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, ასეთ სწავლებაზე მოთხოვნა ძალიან დიდი იქნება როგორც საქართველოში, ისე რეგიონის მასშტაბით, და თსსუ ამ მიმართულებით მნიშვნელოვან საერთაშორისო ცენტრად ჩამოყალიბდება.’’


საერთაშორისო სტანდარტების ჰაბად ჩამოსაყალიბებლად უნივერსიტეტმა ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა განაახლა. თსსუ-მ ცენტრი აღჭურვა ანატომიის, კლინიკური და ქირურგიული ანატომიისა თუ მორფოლოგიური დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი უახლესი ტექნოლოგიებით.


დავით თოფურია - თსსუ-ის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი:

‘’წელს ცენტრი აღიჭურვა უახლესი ანატომიური დისექციის, ცალკეული ორგანოების და მიდამოების შესაწავლისთვის აუცილებელი მულტიფუნქციური მაგიდებით, რომლებსაც ანალოგი არ აქვს ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში, ასევე მულტიფუნქციური მაცივარ-სათავსოთი, რომელიც შესაძლებელს ხდის კადავერის არა ტოქსიკურ შენახვას და მისი ქსოვილების გაყინვის გარეშე, რაც უზრუნველყოფს  ადამიანის ორგანიზმის  როგორც მაკრო ანატომიურ ასევე მიკრო ანატომიურ სტრუქტურის შესწავლას  რეალურ მდგომარეობაში. ცენტრი აღჭურვილია ანატომიის, კლინიკური ანატომიის, ლაპარასკოპიული ანატომიის, მორფოლოგიური დიაგნოსტიკის  და ქირურგიული ანატომიისთვის აუცილებელი ყველა სახის ტექნიკური მოწყობილობით.“   

საერთაშორისო კადავერული კურსების სერია იწყება(18-19 სექტემბერი)

 თსსუ-ის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრი პრაქტიკულ ეტაპზე გადადის და სექტემრიდან პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო კადავერული კურსების სერიას უპასპინძლებს.

2026 წლის 18-19 სექტემბერს ცენტრში გაიმართება საერთაშორისო კურსი, რომელიც  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, კომპანია JDentalCare-სა და კავკასიის ქირურგიული ანატომიის ინსტიტუტს (Caucasus Institute for Surgical Anatomy - CISA) შორის პარტნიორობის ფარგლებში ტარდება.

საერთაშორისო სასწავლო კურსი სრულად ეძღვნება Maxilla-For-All პროტოკოლებსა და თანამედროვე იმპლანტოლოგიურ და ყბა-სახის ქირურგიულ ტექნიკებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკული სამუშაო შეასრულონ ანატომიურ მასალაზე და გაეცნონ ევროპულ კლინიკურ პრაქტიკაში დანერგილ თანამედროვე მიდგომებს. კურს გაუძღვებიან მოწვეული ტრენერები იტალიიდან - დოქტორი ფილიპო დე პაოლისი  (ატროფირებული ყბების მართვის საერთაშორისო მენტორი) და დოქტორი მანუელ მინგიონე  (ატროფირებული ყბების მართვის საერთაშორისო მენტორი).

მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კურსის განმეორებით ჩატარება ნოემბერშიცაა დაგეგმილი.

ნინო ჯახველაძე - თსსუ-ის სტომატოლოგიური საუნივერსიტეტო კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი:

“კურსის მთავარი მიზანია, მონაწილეებს მივცეთ ატროფირებული ყბების მართვის თანამედროვე მიდგომების არამხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ექიმებმა შეისწავლონ თანამედროვე პროტოკოლები, რომლებიც  საშუალებას აძლევს, ყბის მძიმე, მათ შორის სრული ატროფიის შემთხვევებიც ეფექტურად მართონ და რიგ შემთხვევებში თავიდან აიცილონ ძვლის გადანერგვის საჭიროება.

ამ მიდგომების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მკურნალობის ვადების მნიშვნელოვნად შემცირებაა. თუ ტრადიციული მეთოდების შემთხვევაში პაციენტს ძვლის აღდგენასა და იმპლანტაციისთვის ზოგჯერ ერთ წელზე მეტი ხნის ლოდინი უწევს, თანამედროვე პროტოკოლების სწორად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია, გარკვეულ კლინიკურ შემთხვევებში, პაციენტს ფუნქციური და ესთეტიკური შედეგი - ახალი ღიმილი - უკვე 72 საათში დავუბრუნოთ.

პროექტის მიმართ ინტერესი პირველივე ეტაპზე ძალიან მაღალი იყო. კურსში მონაწილეობის სურვილი ქართველ ექიმებთან ერთად უცხოელმა სპეციალისტებმაც გამოთქვეს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ასეთი პრაქტიკული და თანამედროვე ფორმატის სწავლების მნიშვნელობას. ჩვენი მიზანია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი კადავერული სწავლების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდეს და შექმნას პლატფორმა, სადაც თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისთვის იქნება შესაძლებელი.”

ავთანდილ აბდუშელიშვილი - კავკასიის ქირურგიული ანატომიის ინსტიტუტის (CISA) დამფუძნებელი:

„რეალურ ანატომიაზე დაფუძნებული პრაქტიკული სწავლება ზრდის ექიმის პროფესიულ სიზუსტესა და თავდაჯერებულობას, ამცირებს გართულებების რისკს და, საბოლოოდ, პაციენტის უსაფრთხოებას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა CISA, როგორც სრული სხეულის კადავერული სწავლების ცენტრი სხვადასხვა სამედიცინო და ქირურგიული სპეციალობისთვის. ჩვენი მიზანია, ქართველ ექიმებს მაღალი ხარისხის პრაქტიკული განათლების მისაღებად მუდმივად აღარ უწევდეთ საზღვარგარეთ გამგზავრება. გვინდა, მათ საკუთარ ქვეყანაში ჰქონდეთ წვდომა საერთაშორისო მენტორებზე, მედიცინის უახლეს მიღწევებზე, თანამედროვე ქირურგიულ ტექნიკასა და პრაქტიკულ სწავლებაზე.

საქართველოში რეგიონისა და ევროპის წამყვანი სპეციალისტების ჩამოსვლა ხელს შეუწყობს ცოდნის გაზიარებას, ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებას და თანამედროვე სამედიცინო მიდგომების ადგილობრივ პრაქტიკაში დანერგვას. CISA განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას. ჩვენ უნივერსიტეტთან კადავერული სწავლების მიმართულებით ექსკლუზიური თანამშრომლობა გვაკავშირებს, რაც ინსტიტუტის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამების შექმნისთვის უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უმაღლესი სამედიცინო განათლების მრავალწლიანი ტრადიციის, ძლიერი აკადემიური რესურსისა და საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე დაწესებულებაა. სწორედ ამიტომ, ასეთი დონის უნივერსიტეტის მხარდაჭერა და პროცესში უშუალო მონაწილეობა ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია. ეს თანამშრომლობა აერთიანებს უნივერსიტეტის აკადემიურ ცოდნასა და გამოცდილებას, CISA-ს ხედვასა და ორგანიზაციულ შესაძლებლობებს და ქმნის მყარ საფუძველს საქართველოში თანამედროვე კადავერული სწავლების სისტემური განვითარებისათვის. გვჯერა, რომ ამ პარტნიორობის შედეგად შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროფესიული პროგრამების განხორციელება, არამედ საქართველოს პოზიციონირება კავკასიის რეგიონში ქირურგიული განათლების მნიშვნელოვან ცენტრად.

ჩვენი ხედვა თავიდანვე რეგიონულია. საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, ჩამოყალიბდეს კავკასიის სამედიცინო განათლებისა და პრაქტიკული სწავლების მნიშვნელოვან ცენტრად. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, ძლიერი სამედიცინო სკოლა, გამოცდილი ექიმები და საერთაშორისო თანამშრომლობის პოტენციალი ქმნის საფუძველს, რომ მომავალში საქართველოში სასწავლებლად ჩამოვიდნენ ექიმები როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე უფრო ფართო რეგიონიდან. ჩვენ გვინდა, რომ ექიმები საქართველოში ჩამოდიოდნენ იმავე ხარისხის პრაქტიკული განათლების მისაღებად, რომლისთვისაც დღეს ხშირად ევროპის ან ამერიკის სასწავლო ცენტრებში მიემგზავრებიან. CISA იქმნება როგორც მულტიდისციპლინური ცენტრი. ჩვენი სამომავლო პროგრამები მოიცავს დენტალურ და ყბა-სახის ქირურგიას, ოტორინოლარინგოლოგიას, ნეიროქირურგიას, ორთოპედიასა და ტრავმატოლოგიას, პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიას, ზოგად ქირურგიასა და სხვა სამედიცინო მიმართულებებს.“

თსსუ-სა და კავკასიის ქირურგიული ანატომიის ინსტიტუტის თანამშრომლობის დეტალები

თანამშრომლობის ხელშეკრულება სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ საუნივერსიტეტო კლინიკასა და შპს „კავკასიის ქირურგიული ანატომიის ინსტიტუტს“ (CISA) შორის 2026 წლის 22 ივნისს გაფორმდა. კლინიკის სახელით ხელშეკრულებას ხელი აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ჯახველაძემ, მოაწერა.

ოფიციალური შეთანხმების ფარგლებში ერთობლივი ძალისხმევით დაგეგმილია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კადავერული კურსების ჩატარება სხვადასხვა მიმართულებით: პლასტიკური ქირურგია და ესთეტიკური მედიცინა, ორთოპედია და ტრავმატოლოგია, ყბა-სახის ქირურგია, კარდიოვასკულარული და თორაკალური ქირურგია, ნეიროქირურგია, ზოგადი და ლაპაროსკოპიული ქირურგია. პარტნიორობა საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებასაც ითვალისწინებს.

ასევე დაგეგმილია თსსუ-სა და Tommaso Grandi Education-ს შორის მემორანდუმის გაფორმება, რომლის ფარგლებში საქართველოში იმპლანტოლოგიის მიმართულებით თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო პროგრამების განხორციელება და კლინიკური ქირურგიული ჩარევების პირდაპირი დემონსტრირება იგეგმება. პროგრამები მონაწილეებს თანამედროვე იმპლანტოლოგიური მიდგომებისა და რთული კლინიკური შემთხვევების მართვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

თანამშრომლობის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, პრაქტიკული სამედიცინო განათლების განვითარება და ექიმების პროფესიული უნარების გაძლიერება.

 

თსსუ-ის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის კურსის   წარმატებული ერთი წელი

საერთაშორისო მასშტაბზე გასვლას საფუძვლად უდევს ის დიდი გამოცდილება, რაც თსსუ-მ სტუდენტურ დონეზე დააგროვა. უკვე 1 წელია (2025 წლის ოქტომბრიდან), რაც უნივერსიტეტში (ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრი) ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის კურსი წარმატებით მიმდინარეობს. კურსი უკვე 700-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.

მსგავსი ფორმატის პრაქტიკული სწავლება საქართველოში პირველად სწორედ თსსუ-ში დაინერგა. 10-დღიანი არჩევითი კურსი განკუთვნილია IV-X სემესტრის მედიცინისა და სტომატოლოგიის (მათ შორის საერთაშორისო) ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

თსსუ-ის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების  ცენტრში სტუდენტებისთვის განკუთვნილი სასწავლო პროცესი მოიცავს სხვადასხვა ორგანოს - ღვიძლის, თირკმლის, ელენთის, გულისა და სხვა ანატომიური სტრუქტურების დეტალურ შესწავლას, რაც სტუდენტებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ უნარებთან ინტეგრირებაში ეხმარება და ქირურგიული ანატომიის სიღრმისეულ გააზრებას უზრუნველყოფს.

სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კლინიკურად მოდელირებულ შემთხვევებსა და ლაპარასკოპიულ ანატომიას, სადაც სტუდენტები თანამედროვე ანატომიური კვლევის მეთოდებს პრაქტიკულად ეცნობიან.

კურსის ფარგლებში სტუდენტები:

·        სიღრმისეულად ეუფლებიან კადავერზე დისექციის ტექნიკასა და ქირურგიულ ანატომიას;

·        სწავლობენ ლაპარასკოპიულ ანატომიასა და კლინიკურად მოდელირებულ შემთხვევებს;

·      ეწევიან სამეცნიერო საქმიანობას - 3D რეკონსტრუქციების შექმნას, მორფომეტრიულ კვლევებსა და ანატომიური მოდელების დამუშავებას;

·   წარმატებული კურსდამთავრებულები ერთიანდებიან „სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო ექსპერიმენტული მორფოლოგიის კლუბში“,  სადაც განაგრძობენ კვლევებს და უმცროსკურსელების ტუტორები ხდებიან.

თსსუ-ის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრისთვის წარმატებული სტუდენტური გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიური ბაზა და საერთაშორისო თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ეს ყოველივე მყარი საფუძველია იმისთვის, რომ ცენტრი რეგიონში სამედიცინო განათლების წამყვან საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბდეს.