თსსუ-ის ემერიტუსი, პროფესორი ნუგზარ უბერი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა,  პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისისა და ზუგდიდის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ცერემონიას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი და ნუგზარ უბერის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

პროფესორ ნუგზარ უბერის მრავალწლიანი მოღვაწეობა ჩვენს ქვეყანაში პედიატრიის, სამედიცინო განათლების განვითარებისა და მომავალი თაობების ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამორჩეული მაგალითია.

მისი აკადემიური გზა 1963–1969 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში (ამჟამად - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) დაიწყო, სადაც იგი სტუდენტობის წლებიდანვე გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებითა და აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით. სწავლის დასრულების შემდეგ ნუგზარ უბერის პროფესიული კარიერა ეტაპობრივად ვითარდებოდა მის ალმა მატერში: 1972–1974 წლებში იყო ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ორდინატორი, 1975–1978 წლებში - ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ასპირანტი, შემდგომ - ასისტენტი, 1991–1998 წლებში - ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის დოცენტი, 2000–2005 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტის დეკანი, 2006–2015 წლებში - ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, 2015 წლიდან 2022 წლის ოქტომბრამდე - პედიატრიის №3 დეპარტამენტის პროფესორი, ხოლო 2022 წლის ოქტომბრიდან დღემდე გახლავთ თსსუ-ის ემერიტუსი.

აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა პედიატრიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე 2000–2005 წლებში - ქვეყნისათვის ურთულეს გარდამავალ ეტაპზე. მან შეძლო სასწავლო პროცესის სტანდარტების შენარჩუნება, სამედიცინო განათლების განვითარებისათვის საფუძვლის ჩაყრა და პროფესიონალთა იმ თაობების აღზრდა, რომლებიც დღეს წარმატებით მოღვაწეობენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

პროფესორ ნუგზარ უბერის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა მრავალმხრივია. იგი გახლავთ ორასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ორი მონოგრაფიის ავტორი, ათი საკანდიდატო დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, აგრეთვე ორმოცდაათზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა თუ ტრენინგის სპიკერი და მონაწილე.

მისი პროფესიული ავტორიტეტი აღიარებულია სამედიცინო საზოგადოების მიერ. პროფესორი ნუგზარ უბერი გახლავთ საქართველოს პედიატრთა ასოციაციის წევრი (ხოლო 2015 წლიდან - ამავე ასოციაციის გენერალური მდივანი), საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრი და ამ ასოციაციის გაიდლაინების საექსპერტო ჯგუფის წევრი, ევროპის პედიატრ-ინფექციონისტთა საზოგადოების წევრი, ევროპის ალერგოლოგთა და კლინიკური იმუნოლოგიის საზოგადოების წევრი.

მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამედიცინო ცოდნის პოპულარიზაციასა და საზოგადოებრივ განათლებაში, როგორც საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა „მშობელთა სკოლის“ თანაწამყვანმა და მრავალი თემატური სატელევიზიო პროექტის მონაწილემ, სადაც წლების განმავლობაში ეწეოდა ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ბავშვთა მოვლა-პროფილაქტიკის კულტურის დანერგვას.

მისი ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი შრომა აღინიშნა სახელმწიფო, პროფესიული და საზოგადოებრივი ჯილდოებით: ღირსების ორდენით 2012 წელს, მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების („ექიმები – 2018“) ჯილდოთი - „ეპოქის ექიმის“ წოდებით, ევრომეცნიერების საქართველოს ეროვნული სექციის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით - 2019 წლის „ოქროს სტეტოსკოპით“, 2023 წელს მიენიჭა ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, ხოლო 2025 წელს აირჩიეს ქალაქ ზუგდიდის საპატიო მოქალაქედ.

ამ დამსახურებათა მიღმა დგას მთავარი - მადლიერი პაციენტები, მათი მშობლები და კოლეგათა პატივისცემა. ბატონი ნუგზარისათვის საექიმო საქმიანობა არასოდეს ყოფილა მხოლოდ პროფესიული მოვალეობა; ეს არის მისი შინაგანი ჰუმანური მოთხოვნილება, უანგარო სამსახური და თითოეული პაციენტისადმი გამოვლენილი ყურადღება.

პროფესორ ნუგზარ უბერის პიროვნება, მისი განვლილი გზა, საექიმო თუ პედაგოგიური მოღვაწეობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ღირსეული მაგალითია ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობისთვის.

თსსუ ულოცავს ბატონ ნუგზარ უბერს ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოებას და უსურვებს ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, მხნეობას, ხანგრძლივ სიცოცხლესა და კიდევ მრავალ წარმატებულ წელს.