“მეცნიერების რეგიონულ ფესტივალ
2026-ს”, რომელიც საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, 17 სექტემბერს
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე ტრადიციულად
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია.
ფესტივალის ფარგლებში გამართული აქტივობები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა
გივი მიქანაძემ, მოადგილესთან, ზვიად გაბისონიასთან და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან,
გიორგი ვოლსკისთან ერთად დაათვალიერა.
დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ,
უშუალოდ გასცნობოდნენ თსსუ-ის სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებებს, ინსტიტუტების, ცენტრების და ფაკულტეტების საქმიანობას, კვლევით
სფეროებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას. სტუმრებისთვის წარმოდგენილი იყო სხვადასხვა შემეცნებითი
და პრაქტიკული აქტივობა, მათ შორის: პირველადი დახმარების დემონსტრირება მულაჟებზე;
ქირურგიული კერვის ვორქშოპი; ფარმაცევტული და ლაბორატორიული აქტივობები; მცენარეული
ქსოვილების მიკროსკოპული შესწავლა; ჰერბარიუმის ნიმუშების დათვალიერება; ქიმიური რეაქციების
დემონსტრირება ფერადი რეაგენტების გამოყენებით; კრისტალების მიკროსკოპული შესწავლა;
ქრომატოგრაფიული სვეტის გამოყენებისა და ნივთიერებების დაყოფის პროცესის დემონსტრირება.
თსსუ-ის წარმომადგენლებმა დამსწრე
საზოგადოებას მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებასთან დაკავშირებული შემეცნებითი და
ინტერაქტიული აქტივობები შესთავაზეს, რამაც ახალგაზრდების დაინტერესება და აქტიური ჩართულობა განაპირობა.
ფესტივალის ფარგლებში არაერთი საინტერესო
აქტივობა - ინტერაქციული ექსპერიმენტები, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პრეზენტაციები,
მეცნიერებთან თემატური შეხვედრები გაიმართა. ასევე ჩატარდა CERN-ის STEM მასტერკლასები
სკოლის მოსწავლეებისთვის.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ,
გაცნობოდნენ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და Horizon
Europe-ის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ძირითად მიმართულებებს.
2026 წლის ფესტივალის მთავარი გზავნილია
“მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის“. პროექტი ქვეყნის მასშტაბით
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური
მხარდაჭერით იმართება.
ფესტივალის მიზანს წარმოადგენს მეცნიერების,
ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოპულარიზაციის ხელშეწყობა; სამეცნიერო
საქმიანობაში ახალგაზრდების ინტერესისა
და ჩართულობის ზრდა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მეცნიერების როლის
წარმოჩენა.
ფესტივალი ქმნის მეცნიერების, განათლებისა
და ინოვაციების ერთიან, ინტერაქციულ სივრცეს, რომელიც აერთიანებს მეცნიერებს, მკვლევრებს,
სტუდენტებს, მოსწავლეებს, უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებს.
ფესტივალის ფარგლებში, მომდევნო ღონისძიებები
დაგეგმილია სხვა არაერთ ქალქშიც, მათ შორის ახალციხესა და თელავში, სადაც ასევე იქნება წარმოდგენილი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სივრცე.