თსსუ EAIE-ის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციასა და გამოფენაზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების ერასმუს+ -ის  ოფისის კოორდინატორმა, ნინო კანდელაკმა, 2026 წლის 8–11 სექტემბერს, დიდ ბრიტანეთში, ქალაქ გლაზგოში, Scottish Event Campus-ში გამართულ ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაციის (EAIE) ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციასა და გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

EAIE-ის საერთაშორისო კონფერენცია განათლების სფეროში ერთ-ერთი მასშტაბური პროფესიული ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს. წლევანდელ ღონისძიებაში 7 000-ზე მეტი მონაწილე იყო წარმოდგენილი.

თსსუ-ის წარმომადგენლის ვიზიტის მიზანს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, Erasmus+ პროგრამების, მათ შორის KA171-ისა და CBHE/KA2-ის ფარგლებში, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობების გაფართოება, მოქმედ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ინსტიტუციური კავშირების ჩამოყალიბება წარმოადგენდა.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა წინასწარ დაგეგმილი ორმხრივი სამუშაო შეხვედრები ევროპული უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განიხილეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და პარტნიორ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის არსებული ფორმატები და სამომავლო განვითარების მიმართულებები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Erasmus+ KA171 პროგრამის ფარგლებში მობილობის შესაძლებლობებს. შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა თსსუ-ის სტუდენტების, რეზიდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საერთაშორისო მობილობის ახალი შესაძლებლობების შექმნისა და არსებული პროგრამების გაფართოების პერსპექტივები.

ასევე, შეხვედრაზე განხილულ იქნა აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები მედიცინის, ბიომედიცინის, სამედიცინო ფიზიკისა და საექთნო საქმის მიმართულებებით. პარტნიორ ინსტიტუციებთან საუბრისას გამოიკვეთა ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების განვითარების შესაძლებლობები.

შეხვედრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა საერთაშორისო საგრანტო თანამშრომლობა. მხარეებმა განიხილეს Erasmus+ CBHE/KA2-ისა და სხვა საერთაშორისო საგრანტო პროგრამების ფარგლებში ერთობლივი საპროექტო განაცხადების მომზადებისა და განხორციელების პერსპექტივები.

პარტნიორ უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრის მიზნით დაიგეგმა შემდგომი ონლაინ შეხვედრები. ასევე, დაგეგმილია შესაბამისი შეთანხმებების მომზადებისა და საერთაშორისო მობილობის შესაძლო კვოტების შესახებ დამატებითი მოლაპარაკებების გაგრძელება.

EAIE-ის კონფერენციასა და გამოფენაში მონაწილეობამ და საერთაშორისო პარტნიორებთან გამართულმა სამუშაო შეხვედრებმა ხელი შეუწყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორული ქსელის შემდგომ განვითარებას და შექმნა საფუძველი აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავების, საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობების გაფართოებისა და ერთობლივი საგრანტო ინიციატივების განხორციელებისთვის.