თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრს ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის უცხოური ენების ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი ტომაშ ჰამერი და ინგლისური ენის მასწავლებელი, ასისტენტ-პროფესორი სტანისლავ კოვაჩი ესტუმრნენ.
ვიზიტი ემსახურებოდა ორი უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას. სტუმრებმა თსსუ-ის სასწავლო და აკადემიური გარემო დაათვალიერეს, გაეცნენ უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესს და თსსუ-ის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებას.
განსაკუთრებული ინტერესით წარიმართა შეხვედრა პირველსემესტრელ სტუდენტებთან, რომლებსაც სტუმრებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობა, კომენიუსის უნივერსიტეტი და იქ არსებული საგანმანათლებლო შესაძლებლობები გააცნეს. ვიზიტის ფარგლებში დოქტორმა ტომაშ ჰამერმა და ასისტენტ-პროფესორმა სტანისლავ კოვაჩმა თსსუ-ის სიცოცხლის მუზეუმიც დაათვალიერეს.
თსსუ-ის უცხოური ენების ცენტრის საერთაშორისო თანამშრომლობას მნიშვნელოვანი საფუძველი აქვს. ცენტრი 2014 წლიდან უცხოური ენების სწავლებისა და სერტიფიცირების საერთაშორისო სააკრედიტაციო სისტემის - UNIcert®-ის - ოფიციალური წევრია.
UNIcert® აერთიანებს 50-ზე მეტი ქვეყნის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და ხელს უწყობს უცხოური ენების სწავლებისა და შეფასების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების განვითარებასა და დანერგვას.
საერთაშორისო სისტემის ფარგლებში ხორციელდება ხარისხის საერთო კრიტერიუმების კონტროლი საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. ამასთანავე, წევრ უნივერსიტეტებს შესაძლებლობა აქვთ, აქტიურად ითანამშრომლონ ევროპული ენების ცენტრების წამყვან სპეციალისტებთან, ერთმანეთს გაუზიარონ პროფესიული გამოცდილება, სასწავლო მასალები და თანამედროვე მიდგომები.
UNIcert® ასევე უზრუნველყოფს წევრი დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობებს, პროფესიულ კონტაქტებსა და კონსულტაციებს სასწავლო პროგრამებისა და საგამოცდო მასალების შემუშავების მიმართულებით.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ბრატისლავის კომენიუსის უნივერსიტეტს შორის პროფესიული ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა UNIcert®-ის ფარგლებში თანამშრომლობამ.
2023 წელს თსსუ-ის უცხოური ენების ცენტრის უფროსი სპეციალისტი თინათინ ბუბუტეიშვილი ბრატისლავის კომენიუსის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ენების ცენტრისა და UNIcert®-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობდა.
კონფერენციაში მონაწილეობამ ხელი შეუწყო ქართველ და სლოვაკ კოლეგებს შორის პროფესიული ურთიერთობების გაღრმავებას და გამოცდილების გაცვლას. სწორედ ამ თანამშრომლობის გაგრძელებად შეიძლება განვიხილოთ ორი უნივერსიტეტის ენების ცენტრებს შორის გაფორმებული შეთანხმება.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრსა და ბრატისლავის კომენიუსის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ენების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება, UNIcert®-ის ხელმძღვანელის, იოჰან ფიშერის დადებითი რეკომენდაციითა და კომენიუსის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ენების ცენტრის ხელმძღვანელის, დოქტორ ტომაშ ჰამერის მხარდაჭერით, 2025 წელს გაფორმდა.