თსსუ-ის კულტურის ცენტრმა პირველსემესტრელი სტუდენტებისთვის კონცერტი გამართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით პირველსემესტრელი სტუდენტებისთვის  კონცერტი გაიმართა.

ღონისძიება თსსუ-ის კულტურის ცენტრის ტრადიციას წარმოადგენს და მისი მიზანია,  პირველსემესტრელი სტუდენტების პირველი ნაბიჯები უნივერსიტეტში კიდევ უფრო განსაკუთრებული გახდეს. კონცერტი ასევე სტუდენტური ცხოვრების კულტურული და შემოქმედებითი მიმართულების გაცნობას ემსახურება.

საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები: სიმღერისა და ცეკვის სახალხო, დამსახურებული ანსამბლი, კაპელა „კანტა მედიკა“ , გოგონათა ტრადიციული მუსიკის ანსამბლი „დეკა“, თანამედროვე და ლათინურ-ამერიკული ცეკვების ანსამბლი „ვეგა“ და კლასიკური მუსიკის ჯგუფი.

თსსუ-ის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, პროფესიული განათლების პარალელურად განავითარონ საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობები, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში და აქტიურად ჩაერთონ უნივერსიტეტის კულტურულ ცხოვრებაში.

ღონისძიებამ დამსწრე სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, უნივერსიტეტში სწავლის პირველი დღეები მუსიკალურ და სადღესასწაულო გარემოში დაეწყოთ.