თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

„ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის მეორე საერთაშორისო კონფერენციას“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო   უნივერსიტეტმა  უმასპინძლა. ღონისძიება ბავშვთა გადაუდებელი და კრიტიკული მედიცინის სფეროში თანამედროვე მიდგომების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების განხილვას, პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას დაეთმო.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ პედიატრიული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმები, ბავშვთა კრიტიკული მედიცინის სპეციალისტები, ბავშვთა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები და ზოგადი პროფილის პედიატრები. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის სფეროში თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას და აქტუალურ კლინიკურ საკითხებზე პროფესიულ დისკუსიებში ჩართულიყვნენ.

საქართველოს, ამ კონფერენციისთვის,  ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის მიმართულების სპეციალისტები ეწვივნენ. მოწვეულ ექსპერტებს შორის იყვნენ:

Carlos Delgado - ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის მიმართულების მკურნალი ექიმი, PEMA-LLC, ატლანტის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, ატლანტა, ჯორჯია;

Dr. Robert D. Johnson -  ასისტენტ-პროფესორი, გადაუდებელი მედიცინისა და პედიატრიის მიმართულებების მკურნალი ექიმი, ბეილორის მედიცინის კოლეჯი, სან-ანტონიო, ტეხასი;

Billy Kunkle -  გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დირექტორი, Columbus Regional Health, კოლუმბუსი, ინდიანა;

Dr. Ziegler - ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის ექიმი, ატლანტა, ჯორჯია.

ორდღიანი ღონისძიების პირველი დღე ლექციებსა და თეორიული საკითხების განხილვას დაეთმო, ხოლო მეორე დღეს მონაწილეებმა მცირე ჯგუფებში პრაქტიკულ სამუშაო სესიებში მიიღეს მონაწილეობა. 

კონფერენციის პროგრამა მოიცავდა ბავშვთა გადაუდებელი მედიცინისათვის მნიშვნელოვან არაერთ კლინიკურ საკითხს. კონფერენციის ფარგლებში განხილული საკითხები ორიენტირებული იყო ბავშვთა გადაუდებელი მდგომარეობების დროულ ამოცნობაზე, სწორ შეფასებასა და ეფექტიან მართვაზე. 

მოწვეულმა სპეციალისტებმა მონაწილეებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება და თანამედროვე მიდგომები გაუზიარეს შემდეგი მიმართულებებით:

• პედიატრიული გადაუდებელი შემთხვევების რადიოლოგიური დიაგნოსტიკა;

• ძვალშიდა კათეტერიზაცია;

• ნეიროქირურგიული გადაუდებელი მდგომარეობები;

• კონვულსია პედიატრიულ პოპულაციაში, კონვულსიის საწყისი შეფასება და მართვა.

„ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის მეორე საერთაშორისო კონფერენცია“ აკრედიტებული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

ღონისძიება 2026 წლის 28–29 სექტემბერს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ორგანიზებით გაიმართა

მედია კონფერენციის შესახებ