თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის ვენის ნევროლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, ვენის საუნივერსიტეტო კლინიკის ეპილეფსიის განყოფილების ხელმძღვანელმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეულმა პროფესორმა, ეკატერინე პატარაიამ, საჯარო ლექცია თემაზე - „რა არის ახალი თანამედროვე ეპილეპტოლოგიაში“ - წაიკითხა.
ღონისძიების დაწყებამდე, ეკატერინე პატარაიას თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი შეხვდა. მან ვენის საუნივერსიტეტო კლინიკის ეპილეფსიის განყოფილების ხელმძღვანელს თსსუ-ში სტუმრობისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა და ეკატერინე პატარაიას თსსუ-ის მოწვეული პროფესორის დამადასტურებელი სერტიფიკარი გადასცა.
საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იყო თანამედროვე ეპილეპტოლოგიის მნიშვნელოვანი მიმართულებები, ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მიდგომები და ბოლო წლების სამეცნიერო და კლინიკური მიღწევები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გენეტიკური და მოლეკულური დიაგნოსტიკის განვითარებას, ახალი თაობის ანტიეპილეფსიური პრეპარატების გამოყენებასა და რეზისტენტული ეპილეფსიის მართვის თანამედროვე მეთოდებს. მომხსენებელმა ისაუბრა ქირურგიული მკურნალობის, ნეიროსტიმულაციისა და პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული თერაპიის შესაძლებლობებზე.
საჯარო ლექციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდნენ.