თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო ხუთდღიანი ტრენინგი „საექთნო ლიდერობის განვითარებისკენ ფრენის გზა“ დაიწყო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხუთდღიანი საერთაშორისო ტრენინგი - „საექთნო ლიდერობის განვითარებისკენ ფრენის გზა: ლიდერი ექთნების საზოგადოების შექმნა საქართველოში 2026“ გაიხსნა. 

ხუთდღიანი საერთაშორისო ღონისძიების მთავარი ორგანიზატორია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლობა საქართველოში. ტრენინგი, ასევე ხორციელდება ისრაელის ჯანდაცვის ორგანიზაციის კოორდინირებითა და ჩართულობით. ტრენინგის მიზანია ეროვნული ჯანდაცვის დაწესებულებებისა და პროფესიული საექთნო სფეროს ლიდერების ერთიანი საზოგადოების განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს საექთნო ლიდერობის გაძლიერებას და საქართველოში ჯანდაცვის სისტემის რეფორმის პროცესში საექთნო პროფესიის როლის კიდევ უფრო განმტკიცებას.

საერთაშორისო ტრენინგში მონაწილეობენ საექთნო სფეროს წარმომადგენლები, რომელთათვისაც პროგრამა პროფესიული ცოდნისა და ლიდერული უნარების გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობას წარმოადგენს.

ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი, რომელმაც საექთნო პროფესიის მნიშვნელობასა და ლიდერული კომპეტენციების განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ექთნების გარეშე ჯანდაცვა არ არსებობს. ასეთი ინტენსიური ხუთდღიანი ტრენინგის ჩატარება, რომლის მხარდამჭერია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ძალიან მნიშვნელოვანია. ექთნების ლიდერობაზეა საუბარი. ექთნებში ლიდერული უნარების განვითარება კი, ნამდვილად შეუწყობს ხელს ამ დარგის განვითარებას. საექთნო პროფესიის განვითარება ძალიან აუცილებელი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ ტრენინგი ძალიან წარმატებული იქნება და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენს ქვეყანაში საეთნო საქმის, პროფესიის განვითარებაში. “ -ბგანაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ჟოაო ბრედამ. მისასალმებელ სიტყვაში მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში ჯანდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესზე და ადამიანური რესურსების, განსაკუთრებით კი საექთნო პროფესიის, განვითარების მნიშვნელობაზე.

„ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა იმის დანახვა, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად მივიწევთ წინ თქვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესების მხარდაჭერის მიმართულებით. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ ქვეყანაში დიდი ყურადღება ეთმობა ადამიანურ რესურსებს და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ექთნის პროფესიას დღეს.“ - განაცხადა ჟოაო ბრედამ.

ტრენინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო და სამეანო საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორმა, ასისტენტ-პროფესორმა მედეა ჯღარკავამ: 

„ეს ტრენინგი ჩვენი უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტია, სადაც 2011 წლიდან ფუნქციონირებს ქართულენოვანი საექთნო საბაკალავრო პროგრამა. სწორედ ამიტომ გამოითქვა სურვილი, რომ ეს ტრენინგი თსსუ-ში ჩატარებულიყო. ხუთდღიანი პროგრამა საექთნო ლიდერობასა და ლიდერული კომპეტენციების განვითარებას ეხება. გარდა იმისა, რომ იგი სალექციო კურსს მოიცავს, ტრენინგი ინტერაქტიულია და მონაწილეების აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. ისრაელიდან ჩამოსულები არიან ექსპერტები, საექთნო საქმის პროფესორები, რომლებიც გაუძღვებიან ტრენინგს. ვფიქრობ, რომ ეს ტრენინგი ხელს შეუწყობს საექთნო ლიდერობის გეგმის შემუშავებას და შემგომში მის განხორცილებას“.

ტრენინგის ოფიციალურ გახსნას ასევე ესწრებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თეა ბაქრაძე.


ტრენინგის პირველი დღე მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებდა. სასწავლო პროცესი აერთიანებდა პირისპირ ლექციებს, საერთაშორისო ექსპერტების ონლაინ ლექციებს, მცირე ჯგუფებში დისკუსიებს, ბრეინსტორმინგის სესიებს, როლურ სავარჯიშოებსა და პრაქტიკულ აქტივობებს.

ხუთდღიანი სასწავლო პროგრამა შემუშავებულია ხუთსაფეხურიანი საავიაციო ჩარჩოს - „ფრენის ბილიკის“ კონცეფციის საფუძველზე, რომელიც საქართველოში საექთნო სისტემისა და საექთნო ლიდერობის განვითარების მეტაფორადაა გამოყენებული. პროგრამის თითოეული დღე ფრენის თანმიმდევრობის კონკრეტულ ეტაპს დაეთმობა და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სტრუქტურირებულად გაიარონ გზა მომზადებიდან ლიდერობამდე, იდეებიდან პრაქტიკულ განხორციელებამდე და მდგრადი შედეგების მიღწევამდე.