თსსუ-ის ასისტენტ პროფესორის მაკა გეგენავას აკადემიური ვიზიტი სორბონას უნივერსიტეტის პიტიე-სალპეტრიერის ჰოსპიტალში (პარიზი, საფრანგეთი)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა №2 დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი მაკა გეგენავა 2026 წლის 1-30 სექტემბერს აკადემიური ვიზიტით პარიზში, პიტიე-სალპეტრიერის ჰოსპიტლის (Hôpital Pitié-Salpêtrière, AP-HP) შინაგანი მედიცინისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტში იმყოფებოდა.

ერთთვიანი ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის  ასისტენტ პროფესორი აქტიურად იყო ჩართული დეპარტამენტის კლინიკურ, აკადემიურ და კვლევით საქმიანობაში. მისი ვიზიტის მთავარი მიმართულებები სისტემური აუტოიმუნური და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, ანთებითი და აუტოიმუნური მიოპათიები, ასევე ამ დაავადებებში კარდიოვასკულური ჩართულობის შეფასება და მართვა იყო.

ვიზიტის განმავლობაში მაკა გეგენავა ესწრებოდა ამბულატორიულ კონსულტაციებსა და სტაციონარის დილის შემოვლებს, სადაც შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა სხვადასხვა სისტემური აუტოიმუნური დაავადების მქონე პაციენტების მულტიდისციპლინური შეფასებისა და მართვის თანამედროვე მიდგომებს. ერთთვიანი პროგრამის განმავლობაში იგი 100-ზე მეტი პაციენტის კლინიკურ შეფასებასა და მართვას დააკვირდა.

ვიზიტის პერიოდში მაკა გეგენავა აქტიურად მონაწილეობდა დეპარტამენტის სამუშაო შეხვედრებსა და კლინიკური შემთხვევების განხილვებში, ასევე ესწრებოდა Journal Club-ის შეხვედრებს, სადაც განიხილებოდა აუტოიმუნური და ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები და უახლესი სამეცნიერო მიღწევები.

აკადემიური ვიზიტის პერიოდში მაკა გეგენავამ მოამზადა აბსტრაქტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარსადგენად და ჩამოაყალიბა მომავალი სამეცნიერო ნაშრომის საფუძველი.

პროფესორ ოლივიე ბენვენისტეს (Hôpital Pitié-Salpêtrière, AP-HP) შეფასებით, თსსუ-ის შინაგან დაავადებათა №2 დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორ მაკა გეგენავას ერთთვიანი აკადემიური ვიზიტი უაღრესად პროდუქტიული იყო. მან მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო სისტემური აუტოიმუნური დაავადებებისა და იშვიათი ანთებითი მიოპათიების მქონე პაციენტების კლინიკური შეფასებისა და მართვის, თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდებისა და კვლევითი საქმიანობის მიმართულებით.