ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ არის აღიარებული და „ვარდისფერი ოქტომბრის“ სახელითაა ცნობილი. ამ თვის ფარგლებში, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა მხარდამჭერი, საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობა იმართება, რომელთა მთავარი მიზანი ძუძუს კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების გაზრდაა.
ტრადიციულად, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიც შეუერთდა.
კამპანიის ფარგლებში, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებს ძუძუს კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.
აქტივობის ერთ-ერთი სიმბოლური ნაწილი უნივერსიტეტის ეზოში ნაძვის ხის ვარდისფერი ლენტებით მორთვა იყო. ვარდისფერი ლენტები, როგორც ძუძუს კიბოსთან ბრძოლისა და სოლიდარობის საერთაშორისო სიმბოლო, სტუდენტების ერთიანობისა და მხარდაჭერის გზავნილს გამოხატავდა.
„ვარდისფერი ოქტომბერი“ ყოველწლიურად აერთიანებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებას ძუძუს კიბოს პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით.
თსსუ-ის სტუდენტებმა „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიაში მონაწილეობით, კიდევ ერთხელ გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილი - ცნობიერება, პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი საფუძველია.