თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციამ საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში მონაწილეობა მიიღო ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური სნეულებების ასოციაციის (ESCMID) მიერ ორგანიზებულ დიპლომისშემდგომი სწავლების კურსში „IMPACT-ICU: ინფექციების მართვა და ანტიმიკრობული თერაპია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში“.
თსსუ-ის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან რატიანი; მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ დიდბარიძე; კლინიკური ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლუიზა გაბუნია და ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ელენე პაჭკორია.
ღონისძიების ოფიციალურ მასპინძელს წარმოადგენდა თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი. დიპლომისშემდგომი სწავლების კურსი აკრედიტებული იყო ევროპის უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს (CME) მიერ და მონაწილეებს უწყვეტი პროფესიული განათლების (უპგ) 21 კრედიტ ქულა მიენიჭათ.
სამდღიანი პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, სალექციო კომპონენტს, ასევე პრაქტიკულ და ინტერაქტიულ ტუტორიალებს. თსსუ-ის დელეგაციის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ პროგრამის სხვადასხვა სესიაში, რაც მათ შესაძლებლობას აძლევდა, საერთაშორისო ექსპერტებთან და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად განეხილათ ინტენსიური თერაპიის პირობებში ინფექციების მართვის თანამედროვე მიდგომები.
კურსის ფარგლებში განხილული იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის სეფსისისა და სეპტიკური შოკის, ასევე ვენტილატორ-ასოცირებული პნევმონიის მართვის თანამედროვე პროტოკოლები; ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალური გამოყენების (AMS) მულტიდისციპლინური მიდგომები და დეესკალაციის სტრატეგიები; ნოზოკომიური ინფექციების პრევენციის თანამედროვე მეთოდები; აგრეთვე ახალი ანტიბაქტერიული პრეპარატების დოზირებისა და მათი ოპტიმალური შეყვანის რეჟიმები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების ინფექციების მართვის მულტიდისციპლინურ მოდელს, რომელიც აერთიანებს რეანიმატოლოგის, ინფექციონისტის, მიკრობიოლოგისა და კლინიკური ფარმაკოლოგის ერთობლივ ჩართულობას. კურსის ფარგლებში ხაზი გაესვა სწრაფი მიკრობიოლოგიური დიაგნოსტიკისა და პაციენტის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე მორგებული კლინიკურ-ფარმაკოლოგიური დოზირების მნიშვნელობას, როგორც მკურნალობის ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის შემცირების მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს.
ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის დელეგაციის წევრებმა ასევე გამართეს სამუშაო შეხვედრები არისტოტელეს, აიტკონის, პარიზ-სიტეს, ანტვერპენის, რადბაუდის, ანკარის იილდირიმ ბეიაზითის და კიოლნის საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებთან.
აღსანიშნავია, რომ თსსუ-ის დელეგაციის წევრები ინფექციურ დაავადებათა საერთაშორისო კვლევით ინიციატივაში (ID-IRI) გაწევრიანდნენ, რაც უნივერსიტეტს აღნიშნული მიმართულებით ფართომასშტაბიან საერთაშორისო კვლევით პროექტებში მონაწილეობისა და საერთაშორისო კვლევით ჯგუფებთან თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის.