თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხუთდღიანი საერთაშორისო ტრენინგი „საექთნო ლიდერობის განვითარებისკენ ფრენის გზა“ დღეს დასრულდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საექთნო ლიდერობის განვითარებისადმი მიძღვნილი ხუთდღიანი საერთაშორისო ტრენინგი - „საექთნო ლიდერობის განვითარებისკენ ფრენის გზა: ლიდერი ექთნების საზოგადოების შექმნა საქართველოში 2026“ დღეს დასრულდა.

ტრენინგი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლობის ორგანიზებით და ისრაელის ჯანდაცვის ორგანიზაციის კოორდინირებითა და ჩართულობით განხორციელდა. სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავდა საექთნო სფეროში ლიდერული პოტენციალის გაძლიერებას, პროფესიული თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ლიდერი ექთნების ერთიანი, მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

ტრენინგში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და სამედიცინო დაწესებულების 26 ექთანი. მონაწილეთა შერჩევა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად განხორციელდა. შერჩევის პროცესი მოიცავდა კანდიდატების მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილების შეფასებას, პროფესიულ გამოცდილებასა და საექთნო ლიდერობის მიმართულებით განვითარების ინტერესს.

საერთაშორისო ტრენინგმა სხვადასხვა მიმართულების საექთნო პროფესიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა, გაეღრმავებინათ პროფესიული ცოდნა და ლიდერული კომპეტენციები, გაცნობოდნენ საერთაშორისო გამოცდილებას და ერთობლივად ემსჯელათ სფეროს განვითარების სამომავლო შესაძლებლობებზე.

ტრენინგის კონცეფცია ეფუძნებოდა ხუთეტაპიან „ფრენის ბილიკს“, რომლის თითოეული ეტაპი საექთნო ლიდერობის განვითარების კონკრეტულ საფეხურს წარმოადგენდა. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს როგორც ლიდერული ხედვის ჩამოყალიბებაზე, ისე ამ ხედვის კონკრეტულ სამოქმედო გეგმად გარდაქმნაზე. ტრენინგის პროგრამა განსაკუთრებული ინტერაქტიულობით გამოირჩეოდა და მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებდა. სასწავლო პროცესი აერთიანებდა პირისპირ ლექციებს, საერთაშორისო ექსპერტების ონლაინ  ლექციებს, მცირე ჯგუფებში დისკუსიებს, ბრეინსტორმინგის სესიებს, როლურ სავარჯიშოებსა და პრაქტიკულ აქტივობებს.

ხუთდღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საექთნო ლიდერობისა და ჯანდაცვის სისტემაში ლიდერობის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულება. მათ შორის იყო საექთნო და ორგანიზაციულ დონეზე ლიდერობის საერთო ხედვის ჩამოყალიბება, ცვლილების მამოძრავებელი ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომავალი საექთნო ლიდერებისთვის მკაფიო და ქმედითი ხედვის ჩამოყალიბებას, ხედვის პრაქტიკულ მოქმედებად გარდაქმნას, სტრატეგიული და წლიური სამუშაო გეგმების შემუშავებას, ასევე პროფესიული განვითარების პროცესში არსებული ბარიერების იდენტიფიცირებასა და კონფლიქტების ეფექტიან მართვას.

ტრენინგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა ინოვაცია და მომავლის საექთნო ლიდერობის საზოგადოების ჩამოყალიბება. მონაწილეებმა იმსჯელეს მდგრადი ლიდერული ქსელის შექმნის შესაძლებლობებზე, რომელიც ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და საექთნო სფეროში ლიდერობის განვითარების უწყვეტ პროცესს.

ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ძლიერი და მდგრადი საექთნო ლიდერობა წარმოადგენს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს. ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პროფესიული ქსელების ჩამოყალიბება ხელს უწყობს საექთნო პროფესიის გაძლიერებას და ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებას.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და სამედიცინო დაწესებულების  შერჩეულ 26 ექთანს, ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

ექთნების გარეშე ჯანდაცვის სისტემა რომ არ არსებობს, ტრენინგის მნიშვენლობის შეფასებისას კიდევ ერთხელ აღნიშნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. მისი განმარტებით, ‘’ექთნებში ლიდერული უნარების განვითარება ხელს შეუწყობს ამ დარგის განვითარებას. საექთნო პროფესიის განვითარება კი ძალიან აუცილებელი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის’’.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ჟოაო ბრედამ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის გაგრძელების, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან მონაწილეთა მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობას: "მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა აქ არ დასრულდება. ჩვენ კვლავ აქტიურად ჩავერთვებით ამ პროცესში, ეს საქმიანობა გაგრძელდება და თქვენ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებთ. თუმცა, ჩვენი მთავარი სურვილია, მიღებული ცოდნა და გამოცდილება თქვენს კოლეგებსაც გაუზიაროთ.  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სახელით კი გპირდებით, რომ გავაგრძელებთ მსგავსი კურსების ორგანიზებისა და სხვა ადგილებში დანერგვის შესაძლებლობებზე მუშაობას და თითოეულ თქვენგანთან თანამშრომლობას".

თსსუ-ში ჩატარებული ხუთდღიანი ტრენინგი საექთნო ლიდერობის გეგმის შემუშავებასა და შემგომში მის განხორცილებას რომ შეუწყობს ხელს, ამაში დარწმუნებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო და სამეანო საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორი, ასისტენტ-პროფესორი მედეა ჯღარკავა. 

ტრენინგის ოფიციალურ გახსნასაც და დახურვასაც ესწრებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თეა ბაქრაძე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტია, სადაც 2011 წლიდან ხორციელდება ქართულენოვანი საექთნო საბაკალავრო პროგრამა.  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აღნიშნული საერთაშორისო ტრენინგის ჩატარება კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტის მნიშვნელოვან როლს საექთნო განათლების, პროფესიული განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქართველოში ჯანდაცვის სისტემის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი ლიდერული პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით.