სამედიცინო სპეციალისტთა ევროპული კავშირის (UEMS) ფიზიკური და სარეაბილიტაციო მედიცინის სექციისა და საბჭოს შემოდგომის გენერალური ასამბლეა გაიმართა დიდი ბრიტანეთის ქალაქ ედინბურგში, 2026 წლის 28–30 სექტემბერს. ასამბლეაში დელეგატის სტატუსით მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია.
ასამბლეის ფარგლებში განიხილეს ფიზიკური და სარეაბილიტაციო მედიცინის სფეროში არსებული აქტუალური საკითხები, რომლებიც დარგის საგანმანათლებლო, კლინიკურ და სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს მოიცავდა.
პროფესორი ლელა მასხულია ჩართული იყო პროფესიული პრაქტიკისა და კლინიკური საკითხების კომიტეტების სამუშაო შეხვედრებსა და ვორქშოპებში. განხილვის ძირითადი თემები იყო უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება, ტელერეაბილიტაცია და ციფრული ჯანდაცვა, გადაუდებელი მდგომარეობებისა და ინტენსიური თერაპიის დროს სარეაბილიტაციო მომსახურების განვითარება, ონკორეაბილიტაცია, პალიატიური მზრუნველობა, დამხმარე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება სარეაბილიტაციო პრაქტიკაში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფიზიკური და სარეაბილიტაციო მედიცინის როლს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემებში, სპეციალისტთა პროფესიულ პასუხისმგებლობას, კლინიკურ ლიდერობასა და ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას. შეხვედრებზე ასევე იმსჯელეს ევროპული ჯანდაცვის სისტემების ციფრული ინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის პროცესში დარგის განვითარების პერსპექტივებზე, 2030 წლისთვის განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით.
ასამბლეის ფარგლებში გამართულ თემატურ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე, კლინიკური პრაქტიკის გაუმჯობესებაზე, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების სრულყოფაზე.
ევროპელ კოლეგებთან გამართული შეხვედრებისას გამოიკვეთა პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტთან ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით.