თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი აშხაბადში გამართულ საერთაშორისო საუნივერსიტეტო გამოფენასა და სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დელეგაციასთან და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში იმყოფებოდა.

2026 წლის 10–12 ოქტომბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია საერთაშორისო საუნივერსიტეტო გამოფენასა და სამეცნიერო კონფერენციაში - „ჯანდაცვა, განათლება და სპორტი ძლიერი სახელმწიფოს ახალი ეპოქის აღორძინების პერიოდში“ მონაწილეობდა.

ღონისძიების მიზანს გამოცდილების გაზიარება, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების წარმოჩენა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა.

სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა მოხსენება წარადგინა, რომელიც განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციასა და თსსუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საკითხებს შეეხებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, ზვიად გაბისონიამ დელეგაციის წევრებთან ერთად საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა დაათვალიერა, რომელშიც საქართველოს კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მონაწილეობდნენ. კონფერენციის პროგრამა განათლების, ჯანდაცვისა და სპორტის სფეროების 20 თემატურ მიმართულებას მოიცავდა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ორმხრივი სამუშაო შეხვედრებიც გამართეს. მხარეებმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები განიხილეს.