თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე - „სამედიცინო კარიერა გერმანიაში“ გაიმართა.
საჯარო ლექციას უძღვებოდნენ დოქტორი ტიმ პატრიკ იურგენსი, გიუსტროვის (KMG Klinikum Güstrow, გერმანია) კლინიკის ნევროლოგიის განყოფილების უფროსი; დოქტორი ჰეიკე მახი, ამავე კლინიკის ადრეული ნევროლოგიური რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი და თორნიკე ჭაღალიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და გიუსტროვის კლინიკის ნევროლოგი.
ლექციის ფარგლებში მომხსენებლებმა სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და დეტალურად ისაუბრეს გერმანიაში სამედიცინო კარიერის გაგრძელების შესაძლებლობებსა და ამ პროცესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მომხსენებლებისთვის კითხვები დაესვათ და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.
საჯარო ლექციის დაწყებამდე, გიუსტროვის (KMG Klinikum Güstrow, გერმანია) კლინიკის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ირაკლი ნატროშვილთან და თსსუ-ის კანცლერთან ალექსანდრე ბუაჩიძესთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ქმნის საფუძველს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და გიუსტროვის (KMG Klinikum Güstrow) კლინიკას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და გამართული საჯარო ლექცია ხელს შეუწყობს საერთაშორისო პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებასა და სტუდენტებისთვის საერთაშორისო კარიერული შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებულობის ზრდას.