თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრს „სამედიცინო ტექნოლოგიებისა და გადაწყვეტილებების მიმწოდებელი საერთაშორისო კომპანიის - Mindray (Medical Technology and solutions Supplier) წარმომადგენლები ესტუმრნენ.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს ულტრაბგერითი ელასტოგრაფიის ასოციაციის თავმჯდომარე და კომპანია Mindray-ის ცენტრალური აზიის მესამე რეგიონის კლინიკური სპეციალისტი თეა გუბელაძე; კომპანია Mindray-ის ცენტრალური აზიის მეორე რეგიონის კლინიკური სპეციალისტი, რადიოლოგი რუსლან ბალტაბაევი და კომპანია Mtech-ის რადიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა დუჩიძე.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სასწავლო პროცესის ორგანიზების პრინციპებსა და კლინიკური უნარების განვითარების მიზნით სიმულაციური სწავლების დანერგვისა და გამოყენების პრაქტიკას.
სტუმრები ასევე გაეცნენ სასწავლო პროცესში სხვადასხვა სიმულაციური საშუალების გამოყენების შესაძლებლობებს, მათ შორის, სამედიცინო მულაჟებისა და მანეკენების, ელექტროკარდიოგრაფიული კვლევის აღჭურვილობისა და სპეციალიზებული ულტრაბგერითი სიმულატორების გამოყენების პრაქტიკას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სიმულაციური სწავლების როლს სტუდენტთა პრაქტიკული უნარების განვითარებაში, კლინიკური აზროვნების ჩამოყალიბებასა და პროფესიული კომპეტენციების სრულყოფაში.
შეხვედრის ფარგლებში ასევე გამოითქვა მოსაზრებები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და კომპანია Mindray-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.