თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ინიციატივითა და უცხოელი კოლეგების მონაწილეობით, 2026 წლის 20-21 ოქტომბერს, ჰიბრიდულ ფორმატში, ღონისძიება - „სამეცნიერო საუბრები“ გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ თსსუ-ის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორები და დარგის სპეციალისტები საქართველოდან, ესპანეთიდან, სომხეთიდან, ლიეტუვადან, რუმინეთიდან და საფრანგეთიდან.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ესპანეთის ელჩეს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ანჯელ ანტონიო კარბონელ-ბარაჩინა, რომელმაც საქმიანი შეხვდა გამართა თსსუ-ის რექტორთან, პროფესორ ირაკლი ნატროშვილთან, ვიცე-რექტორებთან, პროფესორებთან - სოფიო ბახტაძესთან, ზურაბ ვადაჭკორიასთან და რუსუდან რუხაძესთან, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არსებული აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები.
ორდღიანი ღონისძიება - „სამეცნიერო საუბრები“ ოფიციალურად გახსნეს თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა შალვა ზარნაძემ. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამეცნიერო კვლევის მიმართულებით აქტუალური საკითხების განხილვა, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობა და მონაწილეთა პროფესიული გამოცდილების გაზიარება.
ღონისძიების პირველი დღე დაეთმო საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამეცნიერო კვლევის აქტუალურ საკითხებს. ელჩეს უნივერსიტეტის (ესპანეთი) ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ანჯელ ანტონიო კარბონელ-ბარაჩინამ, მოხსენებები წარადგინა თემებზე - „დარიშხანით დაბინძურება გლობალური მასშტაბით და მისი პოტენციური ზემოქმედება 3 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ცელიაკიის მქონე პაციენტებზე“ და “ბროწეული და ბროწეულის შემცველი პროდუქტები: მდიდარი საგანძური”. დღის ფარგლებში, ასევე, უცხოელი კოლეგების მიერ განხილული იყო სხადასხვა მოხსენებებები სამეცნიერო კვლევის საჭიროებებსა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე.
მეორე დღის სამუშაო სესიის ფარგლებში განხილული იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში კომპლექსური სისტემებისა და კომპლექსურობის თეორიის გამოყენება; სტუდენტთა ჩართულობა სამეცნიერო კვლევაში, ასევე პლაგიატისა და სამეცნიერო რესურსების გამოყენების საკითხები.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა იმსჯელეს წარმოდგენილი მოხსენებების ძირითად საკითხებზე, ერთმანეთს გაუზიარეს პროფესიული გამოცდილება და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ორდთიან ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, მაგისტრანტები, დოქტორანტები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი ესწრებოდნენ.