თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე და ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ეკა კვარაცხელია იტალიის ქალაქ სიენაში იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს არადიაგნოზირებული დაავადებების საერთაშორისო ქსელის (Undiagnosed Diseases Network International – UDNI) რიგით მე-15 კონფერენციაში (UDNI 2026).
პროფესორი თინათინ ტყემალაძე 2026 წლიდან არის UDNI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და იყო წლევანდელი კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. კონფერენციის ფარგლებში მან წარადგინა ზეპირი მოხსენება თემაზე: „დნმ-ის მეთილირების ეპისიგნატურების, როგორც პირველი რიგის დიაგნოსტიკური ტესტის, შეფასება გენეტიკური დარღვევების ეჭვის მქონე პირებში“ (Evaluating DNA Methylation Episignatures as a First-Tier Diagnostic Test in Individuals with Suspected Genetic Disorders). აღსანიშნავია, რომ მოხსენებაში წარმოდგენილი კვლევის შედეგები 2025 წელს გამოქვეყნდა ადამიანის გენეტიკის დარგის ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში - European Journal of Human Genetics (იმპაქტ-ფაქტორი - 4.9).
კონფერენციის სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი სექციის მოდერაციაში და იყო პოსტერების შეფასების ჯგუფის ხელმძღვანელი. კონფერენციის დასკვნით ნაწილში, იგი, ასევე, დაესწრო UDNI-ის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრას, რომელზეც დაიგეგმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სიენას უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი სამეცნიერო ინიციატივების განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
კონფერენციაზე ზეპირი მოხსენებით წარსდგა თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ეკა კვარაცხელიაც. მისი აბსტრაქტი -„კანდიდატი მოდიფიკატორი გენების ვარიანტები და ფენოტიპური ცვალებადობა ცისტური ფიბროზის მქონე ქართველ პაციენტებში“ (Candidate Modifier Gene Variants and Phenotypic Variability in Georgian Patients with Cystic Fibrosis) - კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტმა ზეპირი მოხსენებისთვის შეარჩია.
მოხსენება მიეძღვნა ცისტური ფიბროზის მქონე ქართველ პაციენტებში დაავადების კლინიკური გამოვლინებების ცვალებადობასა და მოდიფიკატორი გენების შესაძლო როლს. წარმოდგენილი იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის (FR-21-2601) ფარგლებში მიღებული შედეგები.
ასოცირებული პროფესორის ეკა კვარაცხელიას ზეპირ მოხსენებას კონფერენციაზე მეორე საპრიზო ადგილი მიენიჭა. მიღებული ჯილდო წარმოდგენილი კვლევის მნიშვნელობასა და თსსუ-ში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობის საერთაშორისო აღიარებას უსვამს ხაზს.
UDNI 2026-ში თსსუ-ის წარმომადგენლების მონაწილეობამ ხელი შეუწყო უნივერსიტეტში მიღებული კვლევითი შედეგების საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის გაცნობას, პროფესიული და აკადემიური კავშირების გაღრმავებასა და სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებას. ამასთანავე, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა და სიენას უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პერსპექტივა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო ხილვადობისა და აკადემიური პარტნიორობის გაძლიერებაში.