თსსუ-ში Erasmus+ პროექტის PRODIGE-ის ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა

Erasmus+ პროგრამის პროექტის -PRODIGE (Promoting High-quality Digital Education in Georgia - საქართველოში მაღალი ხარისხის ციფრული განათლების ხელშეწყობა) ფარგლებში, 2026 წლის 22-23 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებისთვის ბელგიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების - Haute École de Namur-Liège-Luxembourg (Hénallux)  წარმომადგენლებმა, ენტონი გრევისემ და ვალენტინ ვან დე ვალ დე გელკემ, ტრენინგი ჩაატარეს.

ენტონი გრევისე აკადემიური ინოვაციების ინსტიტუციური კოორდინატორი და საერთაშორისო ურთიერთობების პროექტების მენეჯერია, ხოლო ვალენტინ ვან დე ვალ დე გელკე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში პედაგოგიური ინოვაციების მიმართულებით მონაწილეობს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს თსსუ-ის ვიცე-რექტორთან, პროფესორ რუსუდან რუხაძესთან, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელთან, პროფესორ ხათუნა თოდაძესთან და თსსუ-ის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს პროექტის მიზნები, ციფრული განათლების განვითარების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

ტრენინგის მიზანს  ციფრული განათლების მიმართულებით მონაწილეთა პროფესიული კომპეტენციების განვითარება, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებისა და ინოვაციური სწავლების მეთოდების გაცნობა, აგრეთვე სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა წარმოადგენდა. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვანია საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარების და უნივერსიტეტში თანამედროვე ციფრული მიდგომების დანერგვის თვალსაზრისით.