თსსუ-ში პედიატრიული გასტროენტეროლოგიის აქტუალურ საკითხებზე საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა 26–27 ოქტომბერს  Open Medical Institute (OMI)-ის ორგანიზებით პროფესორ ალმუტე კ. ჰაუერს (Prof. Dr. Almuthe C. Hauer, MD, PhD) უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორდღიანი საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც პედიატრიული გასტროენტეროლოგიის აქტუალურ საკითხებს, თანამედროვე დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მიდგომებსა და კლინიკური გამოცდილების გაზიარებას დაეთმო.

ღონისძიების პირველი დღე თსსუ-ში ჩატარდა და თეორიულ ლექციებს დაეთმო. პროფესორმა ალმუტე კ. ჰაუერმა მონაწილეებს პედიატრიული გასტროენტეროლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო. განხილული თემები მოიცავდა ქრონიკულ დიარეასა და საკვების აუტანლობას, საკვების ალერგიას ბავშვებში, მათ შორის ძროხის რძის ცილაზე ალერგიასა და საკვებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომს (FPIES), ცელიაკიის თანამედროვე დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებების მართვას შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნებში, ნაწლავ-ტვინის ურთიერთქმედების დარღვევებსა და ბავშვთა ასაკში ქრონიკული ყაბზობის მართვის სირთულეებს.

ლექციების მიზანი იყო მონაწილეთა პროფესიული ცოდნის გაღრმავება და ბავშვთა ასაკში გავრცელებული გასტროენტეროლოგიური მდგომარეობების მართვის თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების გაცნობა.

ღონისძიების მეორე დღე თსსუ-ის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიულ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაგრძელდა. უცხოელმა სტუმრებმა კლინიკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, ქართველ კოლეგებთან ერთად განიხილეს კლინიკური შემთხვევები და იმსჯელეს რთულ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო საკითხებზე. ინტერაქტიული დისკუსიების ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პროფესიული გამოცდილება და პაციენტების მართვის თანამედროვე სტრატეგიებზე იმსჯელეს.

პროგრამის დასკვნით ნაწილში პროფესორმა ალმუტე კ. ჰაუერმა მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პედიატრები, პედიატრ-გასტროენტეროლოგები, პედიატრიის რეზიდენტები და თსსუ-ის სტუდენტები.