თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორმა ნანა მებონიამ მონაწილეობა მიიღო „ჯანდაცვის მსოფლიო სამიტისა“ (World Health Summit) და „სწრაფი რეაგირების ქალაქების ინიციატივის“ (Fast-Track Cities) ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში, რომელიც 2026 წლის 10-15 ოქტომბერს, ქალაქ ბერლინში (გერმანია) გაიმართა. ნანა მებონია „ქალაქი კიბოს წინააღმდეგ“ (City Cancer Challenge - C/Can) ორგანიზაციის გლობალური გენდერული ჯგუფის წევრია.
ვიზიტის ფარგლებში, ასოცირებული პროფესორი დაესწრო საერთაშორისო პლატფორმის კონფერენციების სხვადასხვა სესიას და მონაწილეობა მიიღო გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის, ონკოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობისა და გენდერულად მგრძნობიარე ჯანდაცვის სისტემების განვითარების საკითხებზე გამართულ დისკუსიებში.
„სწრაფი რეაგირების ქალაქების ინიციატივის“ (Fast-Track Cities) კონფერენციაზე ნანა მებონია მონაწილეობდა City Cancer Challenge-ისა და შიდსით დაავადებულთა დახმარების პროვაიდერთა საერთაშორისო ასოციაციის (IAPAC) მიერ ორგანიზებულ პლენარულ სესიაში. პანელური დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს ქალაქების დონეზე კიბოს ტვირთთან გამკლავების გამოწვევები და ონკოლოგიური მომსახურებისა და დაავადების მართვის გაუმჯობესების პრაქტიკული გზები. დისკუსიაში C/Can-ისა და Fast-Track Health-ის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა იამაიკის დედაქალაქ კინგსტონის მერიც, რომელმაც კიბოსთან დაკავშირებული გამოწვევები ადგილობრივი თვითმმართველობის პერსპექტივიდან შეაფასა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალაქებში ისეთი გარემოსა და შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მზარდ გამოწვევებზე ეფექტიან, თანმიმდევრულ და მდგრად რეაგირებას უზრუნველყოფს.
„ჯანდაცვის მსოფლიო სამიტის“ ფარგლებში ასოცირებული პროფესორი ნანა მებონია ასევე მონაწილეობდა მრგვალი მაგიდის დისკუსიაში - „როგორ გამოიყურება გენდერულად მგრძნობიარე ჯანდაცვის სისტემები პრაქტიკაში? გაკვეთილები დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში განხორციელებული გამოცდილებიდან“. დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება ჯანდაცვის სისტემებმა უკეთ უპასუხონ ქალთა საჭიროებებს და, ამავდროულად, გააუმჯობესონ სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ხელმისაწვდომობა მთელი მოსახლეობისთვის.
დისკუსიის ძირითადი საკითხები მოიცავდა კიბოს მკურნალობის პროცესში გენდერული უთანასწორობის შემცირებას, პაციენტთა ჩართულობის გაძლიერებას, კვლევების საშუალებით ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული მტკიცებულებების შექმნასა და მიღებული ცოდნის ჯანდაცვის სისტემის მდგრადი გაუმჯობესებისთვის გამოყენებას. შეხვედრამ მონაწილეებს მისცა გამოცდილების გაზიარებისა და გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების ჯანდაცვის სისტემების განვითარების პროცესში ინტეგრირების შესაძლებლობა.
ვიზიტის ფარგლებში ნანა მებონიამ შეხვედრა გამართა სამედიცინო ტექნოლოგიების კომპანია Siemens Healthineers-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ბერნდ მონტაგთან.
გარდა ამისა, ასოცირებულმა პროფესორმა მონაწილეობა მიიღო C/Can-ის გლობალური გენდერული ჯგუფის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებში, რომლებიც ჯგუფის პუბლიკაციებსა და სამომავლო საქმიანობის გეგმებს დაეთმო.
ვიზიტი დაფინანსდა სამედიცინო ტექნოლოგიების კომპანია Siemens Healthineers-ის მიერ.