„მწვავე ნევროლოგიური მდგომარეობები ბავშვთა ნევროლოგიაში“ - რიგით მე-7 კავკასიური კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების (EPNS) და საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიისა და ქცევითი დარღვევების ასოციაციის ორგანიზებით 2026 წლის 30-31 ოქტომბერს გაიმართა.
ორდღიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო კურსის მიზანს ბავშვთა ნევროლოგიაში მწვავე და გადაუდებელი მდგომარეობების შესახებ თანამედროვე ცოდნის გაზიარება, კლინიკური შემთხვევების განხილვა და დარგის სპეციალისტებს შორის პროფესიული თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი:
„კურსს, რომელიც უკვე მეშვიდედ ტარდება, დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით უჭერს მხარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, როგორც სამედიცინო განათლების უმნიშვნელოვანესი კერაა საქართველოში.
მედიცინა მეცნიერების ყველაზე სწრაფად განვითარებადი და ცვალებადი დარგია. შესაბამისად, ყოველდღიურად იმდენი რამ იცვლება და ვითარდება, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ დარგში მოღვაწე სპეციალისტებთან და მეცნიერებთან ხშირი კონტაქტი, რათა არ ჩამოვრჩეთ სიახლეებს და ყოველთვის ვიყოთ იმ პროცესების ეპიცენტრში, რომლებიც დღეს მიმდინარეობს და მომავალშიც განვითარდება.
ამდენად, ამ კურსის ჩატარება გამორჩეულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის და უშუალოდ ჩვენი უნივერსიტეტისთვის.“
მისასალმებელი სიტყვით, ასევე გამოვიდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე:
„მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, პირადად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ბატონი მიხეილ სარჯველაძის სახელით.
მივესალმები ჩვენს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გამოცდილ ექსპერტებს. ძალიან გვიხარია თქვენი აქ, ჩვენ ქვეყანაში ყოფნა. მადლობა მინდა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს, განსაკუთრებით კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს.
განსაკუთრებით მინდა ვისაუბრო ბავშვთა ნევროლოგიაზე, რადგან ეს ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობას ეხება. ბავშვებზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტია და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან. ჩვენი გადაწყვეტილებების მიღებისა და დაგეგმვის პროცესში მთავარი დასაყრდენი სწორედ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მისი პროფესორები, ექიმები და მათი გამოცდილებაა, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ".
კურსის ფარგლებში მოხსენებები წარმოადგინეს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ექსპერტებმა გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, სომხეთიდან, შვედეთიდან და აზერბაიჯანიდან. კურსში მონაწილეობდნენ ბავშვთა ნევროლოგები საქართველოდან და სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ხელს უწყობდა საერთაშორისო პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, დარგში არსებული თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებისა და კლინიკური პრაქტიკის განხილვას.
კურსის პირველ დღეს ყურადღება დაეთმო ბავშვთა ასაკში მწვავე ნევროლოგიური მდგომარეობების კლინიკურ გამოვლინებებს, დიაგნოსტიკასა და მართვის თანამედროვე პრინციპებს. განხილული იყო მწვავე ფებრილური ენცეფალოპათია, მათ შორის ვირუსული ინფექციებისა და ბაქტერიული მენინგოენცეფალიტის დროს გამოვლენილი კლინიკური ნიშნები და რადიოლოგიური მონაცემები, ბავშვთა კომის შეფასება და ეტიოლოგია, მწვავე გადაუდებელი მდგომარეობები, მათ შორის დისტონიური სტატუსი, მწვავე აგზნება და პათოლოგიური მოძრაობები.
ასევე, მსჯელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო იმუნური მექანიზმებით განპირობებული ენცეფალოპათიები, მათ შორის PANDAS, NMDAR- და VGKC-თან ასოცირებული ენცეფალოპათიები, მცირე ქორეა და ოპსოკლონუს-მიოკლონუსის სინდრომი (OMS), აგრეთვე იმუნური დაავადებების დიაგნოსტიკის საკითხები. პირველი დღის პროგრამა მოიცავდა ბავშვთა იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის განხილვასაც.
მეორე დღეს წარმოდგენილი მოხსენებები შეეხებოდა ბავშვთა ასაკში ქვემწვავე თავის ტკივილს, სახის ნერვის მწვავე დამბლასა და სხვა კრანიული ნერვების დაზიანებებს, ეპილეფსიური და არაეპილეფსიური პაროქსიზმების დიფერენციულ დიაგნოსტიკას, მწვავე ატაქსიასა და ნევროლოგიური ფუნქციის მწვავედ განვითარებულ დარღვევებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მწვავე მეტაბოლურ ენცეფალოპათიებსაც.
კურსის ფარგლებში განხილულმა საკითხებმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ ბავშვთა ნევროლოგიაში არსებული რთული კლინიკური შემთხვევების შეფასებისა და დიფერენციული დიაგნოსტიკის თანამედროვე მიდგომებს, ასევე გაეზიარებინათ საერთაშორისო გამოცდილება მწვავე ნევროლოგიური მდგომარეობების მართვის მიმართულებით. კურსი აკრედიტირებული იყო უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტაციის ევროპული საბჭოს მიერ და მინიჭებული ჰქონდა 9 CME ქულა.