თსსუ-ის ასისტენტ-პროფესორმა სოფიო კალმახელიძემ ევროპის ნეიროფარმაკოლოგიის კოლეჯის 39-ე კონგრესზე კვლევითი ნაშრომი წარადგინა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი სოფიო კალმახელიძე 2026 წლის 10–13 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ მიუნხენში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ნეიროფარმაკოლოგიის კოლეჯის (European College of Neuropsychopharmacology – ECNP) მიერ ორგანიზებულ 39-ე საერთაშორისო კონგრესში (39th ECNP Congress) მიიღო მონაწილეობა.

კონგრესის ფარგლებში ასისტენტ-პროფესორმა სოფიო კალმახელიძემ კვლევითი ნაშრომი - „ვინკამინის ნეიროპროტექტორული ეფექტი დასხივებით გამოწვეული კოგნიტური დარღვევების დროს“ წარადგინა.

კვლევა დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (FR-24-12700).

მოხსენების აბსტრაქტი გამოქვეყნდება ონლაინ, ღია წვდომის სამეცნიერო ჟურნალის Neuroscience Applied (NSA) სპეციალურ დამატებაში, რაც კვლევის შედეგების საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

კონგრესი ნეიროფარმაკოლოგიისა და ნეირომეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს აერთიანებს. ღონისძიების მიზანია თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების, უახლესი კვლევების შედეგებისა და ნეირომეცნიერების მიმართულებით არსებული გამოწვევების განხილვა, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობა.