თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე - „ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლა: ანტიმიკრობული პრეპარატების რაციონალური გამოყენებისა და ინფექციების პრევენციისა და კონტროლის როლი“ გაიმართა.
ლექციას უძღვებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, თსსუ-ის მოწვეული მასწავლებელი, პროფესორი ოთარ ჩოკოშვილი, რომელმაც აუდიტორიას ანტიმიკრობული რეზისტენტობის, როგორც თანამედროვე ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის შესახებ ესაუბრა.
ლექციის ფარგლებში განხილული იყო ანტიმიკრობული პრეპარატების რაციონალური გამოყენების პროგრამების (ASP) და ინფექციების პრევენციისა და კონტროლის (IPC) ძირითადი პრინციპები, მათი პრაქტიკაში დანერგვის საკითხები და ამ ორი მიმართულების ურთიერთშემავსებელი როლი ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
პროფესორმა ოთარ ჩოკოშვილმა ისაუბრა ანტიმიკრობული რეზისტენტობის მზარდ გლობალურ და ეროვნულ გამოწვევებზე. მან აღნიშნა, რომ ანტიმიკრობული რეზისტენტობა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის პაციენტთა უსაფრთხოებას, ართულებს ინფექციური დაავადებების მკურნალობას და ამცირებს თანამედროვე მედიცინაში არსებული ეფექტიანი სამკურნალო საშუალებების შესაძლებლობებს.
მომხსენებლის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მომავალი ექიმების როლზე ანტიმიკრობული პრეპარატების პასუხისმგებლიანი გამოყენების ხელშეწყობის, ინფექციების პრევენციის, პაციენტთა უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ ეროვნულ და გლობალურ დონეზე მიმდინარე ღონისძიებებში მათი აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე.
საჯარო ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აქტიურად ჩართულიყვნენ განხილვაში, დაესვათ კითხვები და მომხსენებელთან ერთად ემსჯელათ ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკულ და პროფესიულ ასპექტებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული პირები.
საჯარო ლექცია 2026 წლის 11 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.