თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით კლაიპედას გამოყენებით მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (Klaipėda State University of Applied Sciences – KVK, ლიეტუვა) დირექტორი, ასოცირებული პროფესორი, დოქტორი რემიგიუს კინდერისი (Dr. Remigijus Kinderis) და ამავე უნივერსიტეტის ხარისხის ცენტრის ხელმძღვანელი ინგა კაზლაუსკიენე (Inga Kazlauskienė) ეწვივნენ.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 2017 წლიდან უნივერსიტეტებს შორის არსებული წარმატებული პარტნიორობის შეჯამება, თანამშრომლობის გაღრმავება და მისი ახალ ეტაპზე გადაყვანა, ასევე Erasmus+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების გაფართოება.
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის მიმართულებით საბაკალავრო მობილობაში აქტიურად მონაწილეობენ თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, რაც ორ უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
შეხვედრას ესწრებდონენ თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი რუსუდან რუხაძე, თსსუ-ის რექტორის აპარატის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ირინა კაპეტივაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი თინათინ კილასონია, Erasmus+ ინსტიტუციური კოორდინატორი ნინო კანდელაკი და თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია.
მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, გაცვალეს მოსაზრებები ერთობლივი საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე და შეთანხმდნენ რომ დაიწყებენ მუშაობას ახალ საპროექტო განაცხადზე. დაფინანსების მოსაპოვებლად პროექტის წარდგენა 2027 წელს იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ კლაიპედას გამოყენებით მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიეტუვას სიდიდით მესამე გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელია, რომლის საგანმანათლებლო საქმიანობა პრაქტიკულ სწავლებასა და პროფესიული ბაკალავრის ხარისხის მინიჭებაზეა ორიენტირებული.
კლაიპედას გამოყენებით მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტი (Klaipėdos valstybinė kolegija — KVK) სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებულ, პროფესიულად ორიენტირებულ საბაკალავრო პროგრამებს. KVK ორიენტირებულია პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებაზე, რაც კურსდამთავრებულებს დამსაქმებლებისთვის ღირებული რეალური უნარებითა და კომპეტენციებით აღჭურავს.