თსსუ-ში დიაბეტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიაბეტის საერთაშორისო დღის კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე „დიაბეტი – ძველი ეგვიპტიდან ინსულინამდე“.  ლექციის მიზანი დიაბეტის ისტორიული განვითარების, დაავადების შესწავლის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ეტაპებისა და ინსულინთერაპიის დანერგვის გზის გაცნობა იყო.

საჯარო ლექცია წაიკითხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინე გორდელაძემ, რომელმაც დიაბეტის ისტორიული განვითარების ძირითადი ეტაპები მიმოიხილა და ყურადღება გაამახვილა იმ სამეცნიერო აღმოჩენებსა და პროცესებზე, რომლებმაც დაავადების შესწავლასა და მკურნალობაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა:

• ანტიკური ეპოქა – როგორ ამოიცნო ადამიანმა დაავადება სიმპტომებით;

• შუა საუკუნეები – როგორ შეინარჩუნა და განავითარა სამედიცინო ცოდნა აღმოსავლურმა მედიცინამ;

• მე-17–მე-18 საუკუნეები – როგორ იქცა კლინიკური დაკვირვება ქიმიურ კვლევად;

• მე-19 საუკუნე – როგორ შემოვიდა ექსპერიმენტული ფიზიოლოგია და პანკრეასის კვლევა;

• 1889–1921 წლები – როგორ ჩამოყალიბდა პანკრეასის ენდოკრინული ფუნქციის კონცეფცია’

• 1921–1922 წლები – როგორ იქცა ეს ცოდნა ინსულინთერაპიად.

საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, ექიმები, თსსუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები.