ჩვენს შესახებ


2019 წლის  მაისში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა სამედიცინო განათლების აღმოსავლეთ ევროპის და სამხრეთ კავკასიის რეგიონული ჰაბი - ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE – Association for Medical Education in Europe) საერთშორისო თანამშრომლობის ცენტრი. AMEE ამჟამად უკვე ცნობილია როგორც სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაცია, აერთიანებს რა ხუთი კონტინენტის 90-ზე მეტი ქვეყნის უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებს, ეროვნული ასოციაციებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციას (WFME) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO). სადღეისოდ მსოფლიოში AMEE-ს სულ სამი რეგიონული წარმომადგენლობაა და მათ შორის ერთი საქართველოში გაიხსნა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი შერჩეული იქნა AMEE-სთან აქტიური თანამშრომლობის, სამედიცინო განათლების მოდერნიზაციის, სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვის, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში წარმატებული მონაწილეობის გათვალისწინებით.
საქართველოში AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ძირითადი მიზანია სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიების გაზიარება, თემატური ტრენინგების ჩატარება, შესაბამისი საინფორმაციო მასალების მიწოდება რეგიონის უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალის, სამედიცინო განათლების ექსპერტების და სხვა დაინტერესებული სტრუქტურების წარმომადგენლებისათვის.